ჩიქოვანი: სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემს მიმართ არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასდროს – არცერთი დღე, არცერთი საათი არ ვყოფილვარ მეგის ქარდავას მოადგილე

249

ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არსებობს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მის მიმართ მიზანმიმართულ “ფეიკ” ინფორმაციებს ავრცელებს.

“მინდა პასუხი გავცე იმ წარმოუდგენელ ბრალდებებს, ფაბრიკაციებს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებს ჩემი მისამართით. “ნაცმოძრაობისგან” განსხვავებით, საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს არასოდეს ვაკადრებ არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ვისაუბრო. ამიტომ დღეს გავასაჯაროებ ინფორმაცია, რითაც საბოლოოდ დავხურავთ “ფეიკ” ნიუსებს და კიდევ ერთხელ ვამხელთ ამ ბნელ ძალას.

როგორც კი გაჟღერდა მძიმე ბრალდებები ჩემი მისამართით, რომ თითქოს სისხლის სამართლის საქმის არსებობის მიმდინარეობის ან ბრალეულობის შესახებ იყო კონკრეტული წარმოება დაწყებული, მივმართე აჭარის პროკურატურას და დღეს მივიღე პროკურატურის პასუხი, რაც მინდა გავასაჯაროვო. სისხლის სამართლებრივი დევნა, ჩემს მიმართ არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასდროს. 2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება და უკავშირდება ალბარი-ზენითის საავტომობილო გზის სამუშაოების შესრულებას და შესაძლო დანაშაულებების ჩადენის ფაქტს, ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დასრულებულია და გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები, სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი. ამასთან ერთად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს, არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე. სასაცილოა ბრალდება “ნაციონალური მოძრაობიდან, იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდა მსგავსი ტიპის ოდიოზური პირები, რომლებმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე”,- განაცხადა ჩიქოვანმა.