ოპოზიციის წევრები, ფოთში მმართველ პარტიასა და საარჩევნო ადმინისტრაციას საუბნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების გათავისუფლებაში სდებენ ბრალს.
ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მმართველმა პარტიამ ზემოთ აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმებულებს, განცხადება წასვლაზე ვითომ პირადი მოტივებით დააწერინეს, სინამდვილეში კი თარხნიშვილის თქმით, რეალური მიზეზი ისაა, რომ მათ ვერ მოახერხეს არჩევნების გაყალბებით, “ოცნებისთვის” სასურველი შედეგის დაწერა.
ლევან თარხნიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ფოთში დამარცხდა და სადამსჯელო მოქმედებები დაიწყო.
მისივე ინფორმაციით, კიდევ იგეგმება კომისიების წევრებისა და თავმჯდომარეების გათავისუფლება.
“ფოთში უკვე ხუთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა. მათ დააწერინეს განცხადება ოჯახური მიზეზების, თუ ჯანმრთელობის გაუარესების გამო და ისინი გადადგნენ. დღეს გამოცხადდება კონკურსი. რეალურად კი მიზეზი არის ის, რომ მათ არ შეასრულეს “ქართული ოცნების“ დაკვეთა, ან ვერ შეასრულეს და შესაბამისად ვერ მიაღწიეს იმ მიზანს, რაც დაუსახა “ქართულმა ოცნებამ“ და სუს-მა” – ამბობს თარხნიშვილი.
ფოთის #70 საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ოპოზიციის მოსაზრებებს არ ეთანხმება.