სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი კიდევ ერთი შენობა ბათუმში. ზურაბ ბერიძის 14 ნომერში მდებარე საცხოვრისი ამორტიზებულია. დეფორმირებულია სახლის ჭერი, იატაკი და კედლები. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მოქალაქეები პირველ სართულზე ფართების მოსაწყობად ნებართვებს თავისუფლად იღებენ. ანგრევენ და აშენებენ ისე, როგორც ეს თავად უნდათ. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
შექმნილი სურათის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიას, თუმცა იმისთვის, რომ საცხოვრებელ ბინაში შეხვიდეთ, კარის გაღებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს იმიტომ, რომ სახლი ავარიულია და ჭერს დეფორმაცია აქვს მიღებული. იატაკსა და კარებს შორის სიცარიელე, წლების განმავლობაში ეტაპობრივად ჩნდებოდა.
კედლები, რომ დეფორმირებულია, ამას ჩვენს მიერ გადაღებული კადრებიც ცხადყოფს. ავარიულია იატაკიც.
ის, რომ სახლი საცხოვრებლად საშიშია, ბათუმის მერია წლებია ინფორმირებულია. უწყების წარმომადგენლები, ზურაბ ბერიძის 14 ნომერში, 8 წლის წინ იმყოფებოდნენ, მაშინ, როდესაც აივანი ჩამოვარდა და აქ მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე დაზიანდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ შენობიდან გასახლებას ჯერ კიდევ მაშინ დაჰპირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სახლი ამორტიზებულია, მერიამ, კომერციული ფართის მოწყობის ნებართვა მაინც გასცა. 2019 წელს, კერძო პირმა, მაღაზიის გასაკეთებლად, პირველ სართულზე არსებული ფართი შეიძინა და სახლის წინა კედელი მოანგრია. მეპატრონეს დავუკავშირდით, თავდაპირველად გვარწმუნებდა, რომ მას შენობისთვის ზიანი არ მიუყენებია.
ეს, გიორგი დავითაძის პირველი კომენტარი იყო. როდესაც გაიგო, რომ მშენებლობისას მიმდინარე პროცესების ფოტომასალა გვქონდა, იგი, თავად, დაგვიკავშირდა. ამჯერად, აგრესიულობით აღარ გამოირჩეოდა, გვითხრა, რომ კედელი არ დაუნგრევია. პასუხისმგებლობა მერიას დააკისრა და მათთან გადაგვამისამართა.
დოკუმენტებს მირიან მეტრეველის ხელმოწერა აქვს. მას ფაქტის გასარკვევად დავუკავშირდით. ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომენტარი არც, მუნიციპალურ ინპექციაში გააკეთეს. ფაქტი ერთია, რომ 26 მაისის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, პასუხისმგებელი უწყებები პასუხისმგებლობას გაურბიან და მოქალაქეების სიცოცხლეს, ისევ, საფრთხის ქვეშ ტოვებენ.