ხაბეიშვილი: სამარშრუტო ტაქსების კომპანიამ ენმ-ს ბანერებზე ხელშეკრულება გაუუქმა

361

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის სამარშრუტო ტაქსების კომპანიამ რეკლამის განთავსებაზე მათ ხელშეკრულება გაუუქმა. როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, შაბათი დღიდან სამარშრუტო ტაქსებზე განთავსდა სარეკლამო ბანერი, რომელზეც თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირებები იყო განთავსებული.

“გაწყვიტეს და შემოგვითვალეს, რომ ეს დაპირებები აღარ იქნება განთავსებული სამარშრუტო ტაქსებზე”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ხაბეიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც ამ ბანერებზე იყო განთავსებული : უფასო კვება საჯარო სკოლებში, წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა და მოხუცების დახმარება – ენმ-ის გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად შესრულდება.

” როცა ხელისუფლება სიძულვილის ენით არის დაკავებული, ჩვენ საარჩევნო კამპანიას კონკრეტული შეთავაზებებით ვაგრძელებთ. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება სამარშუტო ტაქსის კომპანიასთან, რომელზეც გამოიკრა ჩვენი ბანერები – ნიკა მელიასა და ოპოზიციის შეთავაზებები შაბათი დღიდან.

როგორ მოიქცა “ოცნება” და კალაძე? ამ ხალხმა ნაცადი ხერხით: ხელების გადაგრეხვით, ძალადობით დღეს საღამოდან უზრუნველყვეს (მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია და 40 000 ლარი გადახდილი გვაქვს “ბეს” სახით) გაწყვიტეს და შემოგვითვალეს, რომ ეს დაპირებები აღარ იქნება განთავსებული სამარშრუტო ტაქსებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქირქილებდნენ, საზოგადოებამ მარტივად აღიქვა, რომ 50-70 მლნ ლარი, რომელიც ბავშვების საჯარო სკოლაში გამოკვებას დასჭირდება ის თანხაა, რაც მხოლოდ ერთი ტენდერიდან, ავტობუსების ტენდერიდან მოიპარა კალაძემ.

მივმართავ საერთაშორისო დამკვირვებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისცენ შეფასება ქართული ოცნების კრიმინალურ მოქმედებას და მე ვპირდები კალაძეს და კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ისინი არღვევენ კანონს და მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება კანონის წინაშე”,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.