ფოთში, ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა. მათ დააწერინეს განცხადება ოჯახური მიზეზების, თუ ჯანმრთელობის გაუარესების გამო. რეალურად კი მიზეზი არის ის, რომ მათ არ შეასრულეს ,,ქართული ოცნების“ დაკვეთა, ან ვერ შეასრულეს და შესაბამისად ვერ მიაღწიეს იმ მიზანს რაც დაუსახა “ქართულმა ოცნებამ“ და სუს-მა, – ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
როგორც თარხნიშვილმა აღნიშნა, “ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება პატიოსანი ადამიანები.
“ქართულმა ოცნებამ” ვერც ფოთში და ვერც დიდ ქალაქებში ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ამოცანა და ის დამარცხდა. “ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დამნაშავეების ძებნა და ამჯერად ჯოხი გადატეხა თავისივე საარჩევნო ადმინისტრაციაზე იმის გამო, რომ მათ ვერ შეასრულეს დავალება, ანუ ჯეროვნად ვერ გააყალბეს. ამის საშუალება არ მისცა ოპოზიციამ და ქართველმა ამომრჩეველმა და დაიწყო მათი მასობრივი გადაყენება. ფოთში უკვე ხუთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა. მათ დააწერინეს განცხადება ოჯახური მიზეზების, თუ ჯანმრთელობის გაუარესების გამო და ისინი გადადგნენ. დღეს გამოცხადდება კონკურსი. რეალურად კი მიზეზი არის ის, რომ მათ არ შეასრულეს “ქართული ოცნების“ დაკვეთა, ან ვერ შეასრულეს და შესაბამისად ვერ მიაღწიეს იმ მიზანს, რაც დაუსახა “ქართულმა ოცნებამ“ და სუს-მა”, – განაცხადა თარხნიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ხალხი აქტიურია, როდესაც ოპოზიცია არის მობილიზებული, ხმების დაცვა ხერხდება.
აღნიშნულ გამოეხმაურა ფოთის 70- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სალომე როდონაიას განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიებმა კარგად იმუშავეს. მისივე თქმით, საოლქოში შესულია რამდენიმე წევრის პირადი განცხადება და ვალდებული არიან, მათ უფლებამოსილება შეუწყვიტონ.
“კომისიის წევრებმა დაწერეს განცხადება, აქ არიან როგორც თავმჯდომარეები, არის ერთი მოადგილე, ასევე, კომისიის წევრები და მდივნებიც. თუმცა, მინდა გითხრათ ინფორმაციისთვის, პირველი ტურის შემდეგ ამათ ავტომატურად უგრძელდებათ უფლებამოსილება, მაგრამ თუ კი სურვილი არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ, მათ შეუძლიათ პირადი განცხადების საფუძველზე მოგვმართონ საოლქო კომისიას და საოლქო კომისია ვალდებულია უფლებამოსილება შეუწყვიტოს მათ და გამოაცხადოს კონკურსი. სწორედ ამ ეტაპზეა საოლქო კომისია, გამოცხადებულია კონკურსი,“- განაცხადა სალომე როდონაიამ.