“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ აქცია დაიგეგმება, ეს იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავი აქცია.
“ოზურგეთში შევხვდით ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივს, მხარდამჭერებს და აქაც, რა თმა უნდა, საუბრის თემა იყო არჩევნები, მივულოცეთ ჩვენს აქტივისტებს, ასევე, მხარდამჭერებს ოზურგეთში პირველ ტურში გამარჯვება, არჩევნების მოგება და რა თქმა უნდა, განვიხილეთ მეორე ტურის საკითხები. რა თქმა უნდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოცივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ოზურგეთში არჩევნების მოგება. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს სუფთად, სამართლიანად და ასეთ არჩევნებში ჩვენ უნდა მოვიგოთ მეორე ტური. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ყველა საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, თუ რაიმე აქცია დაიგეგმება, ამაზეც გვქონდა მსჯელობა და ამასთან დაკავშირებითაც იქნება სრული მობილიზაცია.
ეს იქნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გამარჯვების აქცია, თუ ასეთი დაიგეგმება, 2 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ. ასევე, ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურებისათვის, ამიტომ ეს არის საარჩევნო ღონისძიება, თუ ასეთი დაიგეგმება”, — აცხადებს ის.
მისივე თქმით, ამაზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ ექნებათ კოორდინაცია საარჩევნო შტაბებთან.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებდა. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.