ბათუმის მერია: ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, მემედ აბაშიძის 56-ში მდებარე შენობის ნაწილს გამაგრება სჭირდება

351

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, მემედ აბაშიძის #56- ში მდებარე შენობის ნაწილს გამაგრება სჭირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობის ალტერნატიულ სივრცეში ცხოვრების ხარჯებს მერია დაფარავს.

„მემედ აბაშიძის ქ. 56-ში მდებარე კორპუსიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 40-მდე ოჯახი იქნა გამოყვანილი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას“. – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.