ბათუმში ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსის ერთი სადარბაზო ავარიულია – ექსპერტიზის დასკვნა

334

ბათუმში 8 ოქტომბერს ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსის პირველი სადარბაზო ავარიულია, თუმცა გამაგრებას ექვემდებარება. მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე სახლის ექსპერტიზის პასუხი ბათუმის მერიაში დღეს მიიღეს.

სამხარაულის სახლების ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი კორპუსის ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით“.

რას შეეხება ამ კორპუსის ნაწილს, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე გადის, რომლის სადარბაზო ემიჯნებოდა ჩამონგრეული სახლის კედელს, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს“.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განმარტებიით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ სახლის ერთ-ერთი სადარბაზოს ავარიულობა გამოიწვია პირველ სართულზე კერძო მესაკუთრის მიერ წარმოებულმა სარემონტო სამუშაოებმა და არა 8 ოქტომბერს კორპუსის ნაწილის ნგრევამ.

მისივე თქმით, მემედ აბაშიძის 56 ნომერში პირველ სართულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვა გაცემული იყო, თუმცა სპეციალური მუნიციპალური სამსახურის მიერ სამუშაოების გადამოწმებისას დადგინდა, რომ იგი პროექტთან იყო შეუსაბამო.