საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს ოპტიმამ 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მოაწერეს ხელი.
სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია.
„პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით“, – განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში შანტანუ ჩაკრაბორტიმ.
ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა აღნიშნა, რომ ADB-ის სესხი საქართველოში ქალაქების მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.
„სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტური და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს,“ განაცხადა შეინ როზენტალმა.
როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში სახლების 80%-ზე მეტი საბჭოთა კავშირის დროს ან მანამდეა აშენებული. ძველ საცხოვრებელ კორპუსებს აკლია სარეკრეაციო ადგილები, ავტოსადგომები და ლიფტები. ასევე საზოგადოებრივ ადგილებზე წვდომა მოხუცების, შშმ პირების, ქალებისა და ბავშვებისთვის არ არის მაღალი სტანდარტით წარმოდგენილი.
2019 წელს ქალაქის მთავრობამ წარმოადგინა გეგმა დედაქალაქში მდგრადი ურბანული განვითარების, სივრცული დაგეგმარებისა და ინკლუზიური ინფრასტრუქტურის ხელშესაწყობად. ასევე მთავრობამ ქალაქის ღია სივრცეებში გენდერზე ორიენტებული პროექტირების მიზნით, ურბანული განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებში გენდერული მრჩევლის როლი დანერგა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს აზიის განვითარების ბანკის პირველი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტია რეგიონში“, – განაცხადა m2-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.