ჩვენ ვემზადებით არჩევნების მეორე ტურისთვის და მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც, ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს წარმატებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
„სხვა შემთხვევაში ეს იქნება რევოლუციური შტაბი და ამ ერთი გამარჯვებით მოაწყობენ რევოლუციურ მუნიციპალიტეტს, რაც არ იქნება საქმეზე ორიენტირებული და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებული. ამიტომ რისკების გამოსარიცხად ამ საკითხზე უფრო ბევრი ვილაპარაკეთ, ვიდრე ხვალინდელ საორგანიზაციო საკითხებზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე, ასევე განიხილეს საარჩევნო საკითხები. „მათ შორის ვილაპარაკეთ დეპუტატების კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე სხვადასხვა რაიონისა და მუნიციპალიტეტის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი და ის სიმართლე, რომელიც ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მხარესაა, საბოლოო გამარჯვებითაა დასაგვირგვინებელი და გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი. ჩვენ 47%-იანი შედეგი დავდეთ, რაც ბევრს ვერ წარმოედგინა, მაგრამ ეს მოვახერხეთ. ეს იყო სიმართლის გამარჯვება ტყუილზე და „ფეიკ ნიუსზე“, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდებით ჩვენს სატელევიზიო სივრცეში“, – აღნიშნა მდინარაძემ.