გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ რიგ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტები მოითხოვონ

554

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ რიგ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტები მოითხოვონ.

აღნიშნულის შესახებ კითხვას მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ უპასუხა.

„ვნახოთ, როგორ დასრულდება მეორე ტური, როგორი იქნება არჩევნების საბოლოო შედეგები. სადაც დავინახავთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო აქტიურ როლში მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობებს გამოვიყენებთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, გახარიას პარტიის მთავარი პრინციპი ძალაუფლებებს შორის ბალანსის დაცვა იქნება.

„ბალანსის დაცვა ძალაუფლებებს შორის, ის პრინციპია, რომლითაც ვიმოქმედებთ არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ გრძელვადიანად, მთლიანად სახელმწიფოს კონტექსტში“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებას, რომ „გიორგი გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს“. რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია, რომ მმართველმა გუნდმა საკრებულოში შესული მათი რომელიმე დეპუტატი გადაიბიროს, გახარიას თანაგუნდელის თქმით, „იქ, სადაც ადამიანებს მორალური არჩევანი შეიძლება დაუდგეთ იმიტომ, რომ ვიღაცას ნათესავებით, ოჯახის წევრებით ემუქრებიან, არ დააყენებენ ადამიანებს ასეთი მორალური არჩევანის წინაშე“.

„სადაც მეორე ტურში მონაწილეობას ვიღებთ, უპრეცედენტო ძალადობას აქვს ადგილი და ცილისწამების კამპანიით არიან დაკავებულები. ეს არჩევნების პირველი ტურით არ დასრულებულა. იქ, სადაც ადამიანებს მორალური არჩევანი შეიძლება დაუდგეთ იმიტომ, რომ ვიღაცას ნათესავებით, ოჯახის წევრებით ემუქრებიან, არ დავაყენებთ ადამიანებს ასეთი მორალური არჩევანის წინაშე. ამ მხრივ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გამორიცხული არაფერია“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, მეზვრიშვილმა შეაფასა გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართული აქცია. ის აქციის მასშტაბს „ქართული ოცნების“ ქმედებებს უკავშირებს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა „ნაცმოძრაობა“ გააცოცხლა.

მისივე თქმით, „რაც გუშინ თავისუფლების მოედანზე ხდებოდა, „ოცნების“ გაუაზრებელი ან, ზოგიერთ შემთხვევაში, მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია“.

„იმის გამო, რომ „ოცნებას“ არ ჰყოფნის პოლიტიკური რესურსი, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს, მან აარჩია მასკარადი, რაც „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად დადგეს 1-ელ ოქტომბერს, რამაც შედეგებზე გავლენა მოახდინა. „ოცნებამ“ აირჩია სახელმწიფოსთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელი გზა, როდესაც გააცოცხლა „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ყოველგვარი აქტუალობა ჰქონდა დაკარგული, მათ შორის მათ არაფორმალურ ლიდერსაც საერთაშორისო პარტნიორებთანაც აქტუალობა დაკარგული ჰქონდა. ამის შედეგი ვნახეთ გუშინ, თავისუფლების მოედანზე. „ოცნებამ“ იმდენი გვდია, სდია პარტია „საქართველოსთვის“, ისეთი ინტენსივობით ახორციელებდა გახარიასა და მის გუნდზე თავდასხმას, „ნაციონალური მოძრაობა“ გააცოცხლა და თავისუფლების მოედანზე ეს შედეგი ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ისინი კარგად აცნობიერებენ და შოკურ მდგომარეობაშიც იმყოფებიან. რაც შეეხება რებრენდინგს, „ოცნება“ ყოველ ჯერზე, როდესაც უჭირს და დღესაც ძალიან უჭირთ, ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშველ რგოლად იშველიებს. ეს ახალი არ არის. ნათლად ვხედავდით ამას ბოლო პერიოდში“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.