TI: საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ ჩვენი არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დააკმაყოფილა

290

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მათი მიერ წარმოებული საარჩევნო დავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერეს, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანეს, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლის მეშვეობით გაუწია მეთვალყურეობა. არჩევნების დღეს და მის შემდეგ ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება. რაც შეეხება ოქმებში არსებული დისბალანსის გამო მოთხოვნილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, გასაჩივრებული 12 უბნიდან ჩვენი მოთხოვნით არც ერთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ან შემთხვევითი შერჩევით საოლქო კომისიებმა 7 უბანი გადაითვალეს. მთლიანობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ.

საოლქო საარჩევნო კომისიამ, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოთხოვნა მარნეულის იმ ორი უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, სადაც სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მძიმე დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები დავაფიქსირეთ. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ამ საქმეს გიორგი გრატიაშვილი განიხილავდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მოსამართლეები ირინა ზარქუა, თეა ძიმისტარაშვილი და ნანა ჭიჭილეიშვილი იყვნენ. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ისე ორივე ინსტანციის სასამართლოსთვის დარღვევის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებებიც არ აღმოჩნდა საკმარისი საჩივრის/სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

ამასთანავე, ზუგდიდის რაიონულმა და მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სარჩელი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის მხოლოდ ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, შეიცვალა გამარჯვებული კანდიდატი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ მაჟორიტარულ ოლქში 5 უბნის არა მხოლოდ ბათილი ბიულეტენების, არამედ შედეგების სრულად გადათვლას ითხოვდა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმეს გვანცა ვარდანიძე განიხილავდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა შოთა სირაძემ, ნანა კალანდაძემ და ლერი თედორაძემ  არ დააკმაყოფილეს ჩვენი სარჩელი.

ამ ორი მნიშვნელოვანი შემთხვევის გარდა, ორგანიზაციამ 12 საჩივარი შემაჯამებელ ოქმში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით წარადგინა. კერძოდ, არჩევნების დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ იმ უბნების საკრებულოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები და მათში არსებული დისბალანსი გადაამოწმა, რომელსაც აკვირდებოდა. 12 უბნიდან, სადაც დისბალანსის გამო მოთხოვნილი იყო ბიულეტენების გადათვლა, 3 საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემთხვევითი შერჩევის წესით გადაითვალეს; 2 უბანზე საოლქო კომისიებმა ბიულეტენები საკუთარი ინიციატივით გადათვალეს, კიდევ 2 უბანი კი, რომელთა გადათვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საოლქო კომისიებმა მოგვიანებით, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მაინც გადაითვალეს (აქედან ერთის შემთხვევაში მხოლოდ ბათილი ბიულეტენები); დანარჩენ 5 უბანზე კი ბიულეტენები არ გადათვლილა. ზემოაღნიშნულ უბნებზე გადათვლის შედეგად ჯამში შემდეგნაირად შეიცვალა საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – მოაკლდა 1 ხმა;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მოემატა 1 ხმა;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – მოემატა 10 ხმა;
  • „გირჩი“ – მოაკლდა 24 ხმა;
  • „საქართველოს განვითარების პარტია“ – მოემატა 1 ხმა;
  • ბათილი ბიულეტენი გაიზარდა 39-ით;
  • მოსული ამომრჩეველი გაიზარდა 30-ით,” – წერია ინფორმაციაში.