ყაზბეგის 16 ნომერში ეს სახლი თითქმის 2 საუკუნეა დგას. საცხოვრებელს დროის კვალი ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა. კედლები დაბზარულია, სახურავი – დაზიანებული. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს, რადგან ობიექტიდან ქვები ცვივა. ეშინიათ მეზობლებსაც, რომლებიც გვიყვებიან, რომ აქ ცხოვრება რისკის ფასად უწევთ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ 25 ავრცელებს.
უარესი სურათია შენობის შიდა პერიმეტრზე. ბზარების რაოდენობა მატულობს, რისკიც, შესაბამისად იზრდება. სახლში სულ 36 ოჯახია, თითოეულ მათგანში ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაა. ჩოჩიები აქ წლებია ცხოვრობენ. ჰყავთ 2 მცირეწლოვანი შვილი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათი ყოფა საგრძნობლად დამძიმდა.
იგივე შენობაში, მრავალწევრიანი ოჯახი 40 წელია ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი გვიყვება, რომ უკვე ამორტიზებული შენობა 160 წლისაა. ადგილობრივები ვერც ბინის შეკეთებას ახერხებენ, რადგან იციან, რომ მცდელობა უშედეგო იქნება. აქ მცხოვრებლებს სახლში ღამის გათევის ეშინიათ.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ყაზბეგის 16 ნომერში მცხოვრებლებმა თვითმმართველობას დაუყონებლივ მიმართეს. მერია ადგილობრივებს, როგორც თავად გვიყვებიან, დროებით გაყვანას სთავაზობს. მოქალაქეთა ნაწილი წინანადებას იმ მოტივით არ თანხმდება, რომ არ იციან, როდის აუნაზღაურებს მათ სახელმწიფო კუთვნილ ქონებას. პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართების მფლობელები არც ინვესტორის შეთავაზებას იღებენ, რაც აქ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას იწვევს.
ყაზბეგის 16 ნომერში მდებარე ამორტიზებული საცხოვრებელი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს, აჭარის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მეზობლად მდებარეობს. შენიშნა თუ არა მაღალჩინოსანმა მის გვერდით არსებული პრობლემა? ვკითხეთ მოქალაქეებს. აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ გაბაიძე საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ადგილობრივებმა დახმარებისთვის მერიის სპეციალური სამსახური გამოიძახეს.