“რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა ურთულესია”,- ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ პარლამენტში აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის ძირითადი პარამეტრები მოისმინეს.
ლაცაბიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა გარემოსდაცვითი კანონი დაამტკიცა, რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
„არ ვემხრობი, რომ კანონის აღსრულებისთვის ბიუჯეტიდან ბიზნესი უნდა დავაფინანსოთ, მაგრამ შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც რუსთავში ვითმენთ. თუ კანონი არ აღსრულდა და ამ პროცესის მართვას ვერ ვახერხებთ, მაშინ რაღაც ალტერნატივა უნდა გვქონდეს და ეს ის საკითხია, სადაც სამინისტრო უნდა იყოს ხისტი, თავისი ხისტი გეგმებითა და მიდგომებით. ეს ის საკითხი არ არის, რომელმაც შეიძლება 2-3 თვე 1 წელი მოითმინოს.
რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა ურთულესია. იმედი გვქონდა, რომ ამ კანონის მიხედვით ეს პროცესი ნელ-ნელა დაიძვრებოდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ არაფერი ამ მხარეში მცხოვრები ადამიანებისთვის არ შეცვლილა. ამიტომ აუცილებელია სწორი გეგმა, რომელიც ხისტი უნდა იყოს. თუ კანონს ვერ ვასრულებთ, მაშინ უნდა ვაიძულოთ ბიზნესი რომ კანონი შესრულდეს“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.