ახალციხის N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ განცხადება არ დააკმაყოფილა, პარტია წყრუთის და ურაველის საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვდა. საოლქოს უარის მიზეზი განცხადების წარმოდგენის ვადების დარღვევა იყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ოლქში სხდომა დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართა.
ახალციხის N37 საარჩევნო ოლქის კომისიის წევრის „ევროპული საქართველოდან“, მარეხი ჩიტაშვილის თქმით, საოლქო კომისიაში პარტიამ მას შემდეგ წარადგინა განცხადება, როცა დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი. იგი არ გამორიცხავს, რომ დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დავა პარტიამ სასამართლოში განაგრძოს.
„როგორც ჩვენმა წარმომადგენლებმა მომახსენეს, დარღვევები აღმოჩნდა ვიდეოს ყურების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება შემოიტანეს ოლქში, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ არ განიხილა. ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელოთ და ვადის ათვლა დაიწყოს იმ დღიდან, როცა დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი“, – განაცხადა მან.
ახალციხის N37 საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის თქმით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია განცხადების განხილვა, რომელიც ვადების დარღვევითაა შეტანილი.
„ამჯერად განცხადება იყო შემოტანილი, თუმცა შიდა სტრუქტურა იყო საჩივრის. ვინაიდან, საარჩევნო კანონი არეგულირებს განცხადება/საჩივრის შემოტანის წესს, ვადებს, შესაბამისად აღნიშნული განცხადება შემოტანილი იქნა კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით. შესაბამისად, ის რჩება განუხილველი. ამდენად, ჩვენ არ შევსულვართ განცხადების განხილვის ნაწილში. ამიტომ, მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ეს და შემოეტანათ საჩივარი ვადის დაცვით“, – თქვა მან.
თეა გავაშელმა განცხადება გააკეთა სოფელი წყრუთის 27–ე უბანზე, რაც ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული ვიდეომასალის არგასაჯაროებას ეხება. მისი ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისია ვიდეორეგისტრატორების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას არ ინახავს და მისი საჯაროდ ატვირთვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაა.
„ერთადერთი, ჩაწერაზე პრობლემა შეიქმნა 32–ე უბანს, სადაც ხმის დათვლის პროცესი არ დაწყებულა იქამდე, სანამ საოლქოდან სარეზერვო კამერა არ გაეგზავნათ. ჩვენ უბნებისთვის გვქონდა კამერები გადაცემული, რაც დაგვიბრუნდა უკან კენჭისყრის ღამესვე, როგორც კი იქნა წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმები, რაც შემდეგ გადაეცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ჩვენ კამერასთან სხვა შეხება არ გვაქვს“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, „ევროპულ საქართველოს“ მიერ, ახალციხის N37 საარჩევნო ოლქში შეტანილი განცხადებები, ურავლის 22–ე და წყრუთის 27–ე უბნებზე, მათი წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხებოდა. ურავლის შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესის დროს პროცედურების დარღვევას გულისხმობდა, წყრუთის უბანზე კი, განცხადების მიხედვით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა, ასევე საარჩევნო უბნის გარეთ, არაუმეტეს 100 მეტრში მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩეველთა აღრიცხვას და მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ამავე უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში ხმით სხვაობა ნაკლებობით (მაჟორიტარულში 5, მერის 3 და პროპორციულში 4).
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განცხადების განხილვა, განცხადების შემოტანის ვადების დარღვევის გამო არ მოხდა.