გიგა ბოკერიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველო“ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მხარს დაუჭერს

252

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველო“ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მისი პარტია მხარს გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატსაც, ბოკერია ამბობს, რომ „თუ ორ ცუდს შორისაა არჩევანი, ნაკლებად ცუდი უნდა აირჩიონ“.

„ასეთი ერთი შემთხვევაა, რომელიც ფონს ვერ ქმნის, თუმცა თუ არჩევანია ორ ცუდს შორის, ნაკლებად ცუდი უნდა აირჩიო. ჯამში ეს დილემა არ გვიდგას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მეორე ტურზე საარჩევნო კომისიებში, პარტიულ სიაში მყოფ პოლიტიკურ ფიგურებს დამკვირვებლად მიავლენს და ამისკენ ბოკერია სხვა პარტიებსაც მოუწოდებს

„გვაქვს ორი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა. ერთი – ბუნებრივია, ჩვენს ყველა მომხრეს, ყველას, ვისთვისაც ჩვენს სიტყვას მნიშვნელობა აქვს, ხმა უნდა მივაწვდინოთ, კარდაკარით იქნება, ფლაერების დარიგებით თუ სოციალური მედიის მეშვეობით, რომ ეს არჩევნები არ არის რომელიმე პარტიის კანდიდატის მხარდაჭერაზე. ეს ის არჩევნებია, სადაც ყველა უნდა მივიდეთ, თუ არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის საფრთხე კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს და შევარყიოთ ეს, ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საშიში რეჟიმი.

მეორე – კომისიებში სერიოზული პრობლემაა და ის მანიპულაციები, რაც უკვე გამოვლენილია, დათვლისას და შეჯამებისას, მეორე ტურებში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ ვაპირებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები, ისინი, ვინც მეორე ტურში აღარ არიან და დაკვირვების უფლება აქვთ დამკვირვებლად მივავლინოთ, რომ გავურთულოთ კომისიის რიგით წევრებზე და მოქალაქეებზე ზეწოლა. ჩემი აზრით, იგივე უნდა გააკეთონ სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც. კომისიებში პოლიტიკური ფიგურების დამკვირვებლად მივლენა იქნება ფაქტორი, რომელიც რისკებს შეამცირებს. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. გვაქვს შანსი, რომ მეორე ტურებში დიდ ქალაქებში დავაყენოთ ისეთი შედეგი და ივანიშვილის რეჟიმის მარცხი, რომელიც უზარმაზარი ბზარი იქნება. ეს იქნება საყრდენი, როგორც ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის შემდგომი კამპანიის, ისე პოლიტიკური დევნის შეჩერების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების. მათ შორის სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით კამპანიის წარმოების ქვეყნის შიგნით და გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კაცი, რომელსაც უნდა, რომ ცხოველების ფერმად გვაქციოს, კიდევ უფრო ღმად ჩაგვაფლობს ჭაობაში, რომელიც ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის”,- განაცხადა ბოკერიამ.