“საჭიროა თანხების გამოყოფა იმისთვის, რომ ფიტოსანიტარიას მიეხედოს… ყველაფერი გადახმა”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის ძირითად პარამეტრებს განიხილავდნენ, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ე.წ. მწვანე ბიუჯეტის ფორმირება, რასაც გარემოს დაცვის კომიტეტი აქტიურად მიადევნებს თვალს.
„აუცილებელია, რომ პროგრამული დაფინანსებების დოკუმენტში მაინც იქნას ხაზგასმული მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა, რათა ბიზნესს გაუჩნდეს სურვილი, რომ მწვანე ტექნოლოგიები გამოიყენოს, ნარჩენები გადაამუშაოს, რადგან აქედან ახალი ეკონომიკა იქმნება. აუცილებელია ცალკე თანხები გამოიყოს როგორც სატყეო სააგენტოსთვის, ისე მუნიციპალიტეტებისთვის, რომ ფიტოსანიტარიას მიეხედოს – გადახმა ყველაფერი…. ხოლო იქ, სადაც კერძო საკუთრებაა, იგივე ხეები გამხმარი არ არის, რადგან მათ აქვთ შესაბამისი მოვლა.
თუ ფიტოსანიტარიაზე არ დაიხარჯა შესაბამისი თანხები, ჩვენ რუსთავში გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც დღეს არის თბილისში და ხარჯი და ზიანი იქნება გაათმაგებული. ჩვენი კომიტეტი მზად არის, ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, ჩავერთოთ და ვადევნოთ თვალყური, თუ როგორ ვაფორმირებთ მწვანე ბიუჯეტს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად მოგებიანია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის მიხედვით, შემდეგ წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 577 მილიონი ლარით დაფინანსებაა განსაზღვრული, რაც 2021 წელთან შედარებით 51 მილიონი ლარით ნაკლებია.