არა მარტო გახარიას პარტიის კანდიდატს, არამედ ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის თუნდაც, მეჭიაური თიანეთში, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, სხვადასხვა პარტიასთან აქვთ მოლაპარაკებები კოალიციურ მართვასთან დაკავშირებით, რათა ერთიანი კაბინეტით იქნას წარდგენილი ქალაქ თბილისში არა მარტო ადამიანები, არამედ განვითარების კონკრეტული ხედვაც. მისივე თქმით, მათ შორის, კონსულტაციები მიდის თანამდებობებზეც.
“თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გახარიას მიმართ, როგორც სახელმწიფო მოღვაწის და ყოფილი პრემიერის მიმართ. მას აქვს საკმაოდ ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ, თუ ისინი თავს თვლიან ოპოზიციად, რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღოს თავის ყულაბაში, რომ “ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ მმართველობას. აქედან გამომდინარე, არა მარტო გახარიას, არამედ ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის თუნდაც, მეჭიაური თიანეთში. აქ არის სახელმწიფოებრივი თემა.
კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა პარტიასთან, რომ ერთიანი კაბინეტით იქნას წარდგენილი ქალაქ თბილისში არა მარტო ადამიანები, არამედ კონკრეტული ხედვა, თუ რისი გაკეთება აქვს გადაწყვეტილი კოალიციურ მართვას ქალაქ თბილისისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია “მარშალის გეგმის” იმპლემენტაცია დაიწყოს”, – განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, თანამდებობებზე თუ მოხდა შეთანხმება, ხაზარაძე პასუხობს, რომ „კონსულტაციები მიდის”.