დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი სამართლებრივი საკითხების კონსულტანტ ნოდარ კობიაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაკიაიში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს, უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვას თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, – ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადაჟის, შაკიაის, სლობოჟანკას და დუშეთის მუნიციპალიტეტების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას შემდეგ სფეროებში: საჯარო სივრცეების განვითარება, კულტურა, განათლება, სპორტი, ჯანდაცვა, ბიზნესი, ტურიზმი და გარემოს დაცვა. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო ინიციატივებსა და საინვესტიციო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, ვიზიტის ფარგლებში, ხელმომწერმა მხარეებმა დაათვალიერეს ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტები და გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს.