რატომ მცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 51 მილიონით?

347

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  2022 წლის ბიუჯეტი რთველის სუბსიდირების პროგრამის შემცირების ხარჯზე მცირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის მიხედვით, შემდეგ წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 577 მილიონი ლარით დაფინანსებაა განსაზღვრული, რაც 2021 წელთან შედარებით 51 მილიონი ლარით ნაკლებია.

მისი განმარტებით, სხვა ყველა პროგრამა მოთხოვნის მიხედვით განხორციელდება.

„სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირების ნაწილში ადრეც ვსაუბრობდით, რომ რთველის დაფინანსება ეტაპობრივად უნდა შემცირდეს. სწორედ რთველის პროგრამაა, სადაც შემცირება გვაქვს, სხვა პროგრამებში რეალური შემცირება არსად არ არის.

იყო რამდენიმე პროგრამა, სადაც გადმოყოლილი ვალდებულებების გამო, მეტი რესურსის გათვალისწინება მოგვიწია, თუმცა მომდევნო წელს გათვალისწინებული პროგრამები სრულად აფინანსებს იმ მოლოდინს, სოფლის მეურნეობის ნაწილში რა მოთხოვნაც იქნება.

შინაარსობრივად მცირდება რთველის პროგრამა, დანარჩენი პროგრამები სრულყოფილად გაგრძელდება როგორც იყო“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.