ახალციხის 4 უბნის ხელახალი გადათვლის შედეგები ცნობილია

919

N37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადათვლილი ოთხი უბნიდან ორზე ბიულეტენების დისბალანსი გასწორდა, კიდევ ორ უბანზე, სადაც ბევრი გაბათილებული ბიულეტენები იყო, შედეგებში არაფერი შეცვლილა. სხდომას 15 წევრი ესწრებოდა, ყველა მათგანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება იყო, რომ გადათვლილიყო ის უბნები, სადაც იყო საჩივარი, ბათილი ბიულეტენები და ოქმების დისბალანსი. შესაბამისად, ჩვენთან სრულად  გადაითვალა N1 უბანი, ვინაიდან აქ მეტობაც იყო და ბათილი ბიულეტენებიც ფიქსირდებოდა. რეგისტრატორს ორი პროპორციული ბიულეტენი გადაუყვა და ამან გამოიწვია დათვლისას დისბალანსი.  რაც შეეხება თვითონ სუბიექტების ხმებს, N4 უბანზე, გახარიას პარტიის ერთი ბიულეტენი იყო ბათილებში გადადებული, თუმცა საერთო ბალანსი არ შეცვლილა, ანუ 47 ეწერა ამ პარტიას  და სინამდვილეში ბიულეტენები 46 იყო,  ბათილებში ეწერა 19, მაგრამ სინამდვილეში 20 იყო, ეს გასწორდა“- გვითხრა თეა გავაშელმა.

რაც შეეხება N8 და N28 უბნებს, სადაც მაჟორიტარი კანდიდატების ბიულეტენები გადაითვალეს, შედეგებში არაფერი შეცვლილა.

ცესკოს გადაწყვეტილებით, ახალციხის N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმები ოთხ  უბანზე ხელახლა გადათვლა გუშინ, 9 ოქტომბერს 22:00 საათზე დაიწყო და 24:00 საათზე დაასრულა.