კახა კალაძე: თბილისობის სატელევიზიო ღონისძიება არ ჩატარდება, თანხა ბათუმში, დახმარების ფონდში გადაირიცხება

491

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისი ბათუმს 500,000 ლარით დაეხმარება. შესაბამის თანხას თბილისის მერია ბათუმს იმ სახსრებიდან გადაურიცხავს, რაც 24 ოქტომბერს თბილისობის სატელევიზიო ღონისძიებაზე უნდა დახარჯულიყო.

„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.

დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში”,- წერს კალაძე.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი. შსს-მ მომხდარზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. ბრალის ზუსტი ფორმულირება ასეთია – სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ნგრევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.