ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, ყველა იმ საარჩევნო უბნის ხმები გადათვალონ, სადაც დისბალანსი და უფრო მეტი ბათილი ბიულეტენი იყო.
როგორც ცესკო-ში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საერთო ჯამში, “ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით 1000 უბანზე აქვს საჩივარი შეტანილი.
“მოვითხოვთ ყველა ასეთი უბნის გადათვლას. გუშინ, ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საოლქო – საარჩევნო კომისიებმა მხოლოდ ის არაპრობლემური უბნები შეარჩიეს, სადაც შედეგი არ შეიცვლებოდა”, – განაცხადა დავით კირთაძემ.
მისი განმარტებით, უბნებზე ხმების გადათვლის დროს წყალტუბოში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს გაცილებით მეტი ხმა მოემატა.
“ზუსტად ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ იქ, სადაც ლოტოტრონით იქნა შერჩეული, ბევრ უბანზეა ასეთი პრობლემა. გუშინ ცესკო-ს ინიციატივით შესრულებული გადათვლა მხოლოდ მორიგი სპექტაკლი იყო. ოლქმა ზუსტად ის უბანი შეარჩია, სადაც არავითარი პრობლემა არ იყო. დღეს სტატისტიკა წარმოგვიდგინეს, რომ თითქმის გუშინდელ გადათვლას არაფერი შეუცვლია. სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ იმ უბნების გადათვლას, სადაც რეალური პრობლემები არსებობს”, – განაცხადა კირთაძემ.