პაპუაშვილი: ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა

319

ჩვენი საჩივრის საფუძველზე ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – 1, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ – 2 ხმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი დაუჭირა 1193-მა ამომრჩეველმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 1183 ხმა მიიღო. რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატს, მან 507 ხმა მიიღო.

„ბათილი ბიულეტენების გახსნამდე „ქართული ოცნების“ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა. ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი, სოსო გოგოხია ამტკიცებდა, რომ ბათილად იყო ცნობილი ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველმა ნება დააფიქსირა. ამიტომაც, ჩვენ უბნების ხელახალი გადათვლა მოვითხოვეთ და დადასტურდა, რომ ჩვენი კანდიდატის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი.

გარდა ამისა, საზოგადოების ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე გავამახვილებ, რაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ იპარავს ბიულეტენებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა“ და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის თანამშრომლებზე ზეწოლას ცდილობენ.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ქმედებებს, რასაც ახლა ვაკვირდებით – ჩვენ ვიხილეთ, როგორ ჩაშალეს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა და მოვისმინეთ მათი ბრალდებები, რომ თითოს გადათვლა ზონდერების მიერ ქურდულად მოხდა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ უბნების გადათვლის პროცესს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. გადათვლის შედეგებს მხარი დაუჭირა კომისიის 13-მა წევრმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ წარმომადგენლებისა, რომლებიც სრულად ესწრებოდნენ გადათვლის პროცესს. ეს სამი პარტია რომ ერთი პოლიტიკური გუნდია, მგონი სხვა დროსაც არაერთხელ დამტკიცდა. მათი ქცევა გასაკვირი არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, გადათვლის პროცესს ესწრებოდნენ „საია“-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებებს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ეს არის პირდაპირი ძალადობრივი ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში და ზეწოლა ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, ასეთ ფაქტებზე ჰქონდეთ უმკაცრესი რეაგირება, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენი მოქალაქეების მიერ 2 ოქტომბერს გამოხატული ნების დაცულობას. მივმართავთ ეუთო/ ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ იმყოფებიან, კომუნიკაცია იქონიონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა მათ შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს საქციელი გვიჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლები არიან. გუშინ ამტკიცებდნენ, რომ ერთი ადამიანის ხმაც კი მათთვის მნიშვნელოვანია და დღეს, როდესაც ერთი ადამიანის ხმა მათ წინააღმდეგ არის გადამწყვეტი, ეს ადამიანი და ხმა მათთვის არაფერია. ამომრჩეველი მათ თვალში მხოლოდ მათი ამომრჩეველია. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად, შემოღებულ იქნა უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა. სტატისტიკურად ეს ნიშნავს, რომ სურათი, რომელსაც აჩვენებს უბნების 10% არის განზოგადებადი უბნების 100-ვე პროცენტზე და ამ მხრივ საერთო სურათს ქმნის. ამ პრინციპით, 3600 უბნიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაითვალა 360 უბანის და დადგინდა, რომ ცვლილება შეეხო სულ 130-მდე ხმას, ანუ ხმების დაახლოებით 0,07%-ს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.