„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ხვალ საპროტესტო აქციას გამართავს

336

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ზუგდიდში ხვალ, საოლქო კომისიაში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის მანუჩარ ფიფიას პირველ ტურში დამარცხებულად გამოცხადების გამო აქცია გაიმართება.

მელიას განმარტებით, აქციის დრო დღეს საღამოს გახდება ცნობილი. მისივე თქმით, თითოეული მანდატისთვის და ხმისთვის სიცოცხლის ფასადაც იბრძოლებენ.

“ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას და შემთხვევით არ ვარ ზუგდიდში. მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს და ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ვთხოვ ხვალ შევიკრიბოთ. ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ მთელ საქართველოს. დაე, ყველა საერთაშორისო პარტნიორმაც შეხედოს რა ხდება საქართველოში, რომ დარწმუნდეს სად არის სიმართლე. ესე იგი ფასი არ აქვს ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას? ამ პირობებშიც ვიბრძვით და მაინც გიგებთ, ვერაფერს რომ ვერ ხდებით, ფურცელზე წერთ სხვა რიცხვებს და ამის შემყურე გინდათ არ ვიმოქმედოთ და არ ვიბრძოლოთ? ეს პრინციპის, ღირსების და თავმოყვარეობის საკითხია. ამიტომ, დღეს საღამოს საქმის კურსში ჩაგაყენებთ რომელი საათისთვის უნდა შევიკრიბოთ. სიმართლისთვის ვიბრძოლოთ, არ ვიბრძოლოთ მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის. როგორ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს გულგრილი ასეთი გადაწერის შემდეგ. ამ სპექტაკლში მონაწილეობას ქართველი ხალხი აღარ ვაპირებთ, გვინდა რეალური ცხოვრება და არა ბიძინა ივანიშვილის სცენარით გაწერილი ქვეყანა. ვიბრძოლებთ თითოეული მანდატისთვის და ხმისთვის სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს. ხალხი წირავს სიცოცხლესაც და ჯანმრთელობასაც, მათ შორის ციხეშიც თავისი ნებით შესული ადამიანები, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ამას ვაკეთებთ პირველ რიგში ამ ქვეყნის მომავლისთვის“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა. კერძოდ, მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა, ენმ-ს – 1, “გახარია – საქართველოსთვის” 1 ხმა. აქამდე აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში ენმ-ს კანდიდატი იგებდა. საჩივრის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას უსაფუძვლოს უწოდებდნენ და პარალელურად ყველა უბნის გადათვლას მოითხოვდნენ.

ენმ-ს წარმომადგენლის, პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით, ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები იყო გახსნილი და ლუქი ახსნილი. ანა წითლიძე აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, ოპოზიციური პარტიის ბრალდებას კონვერტების გახსნასთან დაკავშირებით უარყოფს. მისი თქმით, პროცესი იყო გამჭვირვალე და გახსნას როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.