პოლიციამ ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მედიას დაატოვებინა

255

წინა სტატია

ზუგდიდის # 67 საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მედიას პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მესხმა დალუქული ბიულეტენი გახსნა და ხალხს არჩევანის უფლება მოპარა.

„ურეპუტაციო მირანდა მესხი უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს კარჩაკეტილი. არ შეიძლება მისი საჯაროობა იმიტომ, რომ ქალი არის მტაცებელი. ზოგადად, გაყალბებასთან თუ ვინმე ყოფილა ასოცირებული, ამ რეგიონში ყველამ იცის, რომ ეს არის ყველაფრის მკადრებელი, მირანდა მესხი. რა თქმა უნდა, არანაირი ძალა არ აქვს საკუთარ თავში რომ იპოვოს და ხალხთან მოვიდეს, უნდა იაროს ასე კულისებში, პოლიციის მუნდირის უკან რომ დაიმალოს, რომლებიც ახლა მხედრიონელებად არიან ქცეული“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, მირანდა მესხმა „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება მარცხად გამოაცხადა.

„ქალი გუშინ ქურდულად შევიდა, დალუქული კონვერტი გახსნა და თქვენი ხმები გადააკეთა. გამარჯვება მარცხად გამოაცხადა“, – განაცხადა ხერხეულიძემ.