ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილა

617
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 30-ზე მეტი საჩივარი განიხილა. საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, უარი ეთქვა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, რომელთა საჩივრების შინაარსს კომისიის წევრები არ დაეთანხმნენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
საჩივრები არ დაკმაყოფილდა #91-ე, #93-ე, #15-ე, #57-ე, #49-ე, #10-ე, #35-ე, #39-ე, #48-ე, 123-ე, #37-ე, #29-ე, #96-ე, #66-ე, #56-ე, #59-ე, #35-ე, #18-ე, #80-ე, #108-ე და #48-ე უბნებზე.

კომისიის წევრებმა არ დააკმაყოფილეს აგიტაციის და კარუსელის შემთხვევების შესახებ დაწერილი საჩივრები, ასევე, დარღვევად არ მიიჩნიეს მარკირების გარეშე უბანზე ამომრჩევლის შესვლა, წილისყრით გამოვლენილი რეგისტრატორების თვითნებური შეცვლა, ხელმოწერილ და გაცემულ ბიულეტენებს შორის აღმოჩენილი სხვაობა, კაბინაში ერთდროულად ორი ამომრჩევლის ყოფნა და კონვერტის გარეშე ბიულეტენების ყუთში ჩაგდება.

რაც შეეხება #112 და #124-ე უბნებს, სადაც წინასწარ შეავსეს შემაჯამებელი ოქმები, კომისიამ აღნიშნულ უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს შენიშვნა გამოუცხადა. ასევე, გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები #36-ე უბანზე.
 

საოლქო კომისიას ამით საჩივრების განხილვა არ დაუსრულებია. პროცესი 7 ოქტომბერსაც უნდა გაგრძელდეს.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 70-ზე მეტი საჩივარი შევიდა.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი  უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.