ვინ იქნებიან ზალიკო უდუმაშვილის მთავრობაში, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს

1222

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში თბილისის მთავრობის სავარაუდო წევრები წარადგინა. თუმცა, მანამდე, მან ისაუბრა, თუ როგორ შეცვლის მერიის სტრუქტურას.

უდუმაშვილის თქმით, თბილისში გააუქმებს ათივე გამგეობას და 32-ვე მუნიციპალიტეტს, რომელთა ნაცვლადაც სერვისცენტრებს შექმნის. “ნაცმოძრაობის” კანდიდატის თქმით, სერვისცენტრები იუსტიციის სახლის პრინციპით იმუშავებენ, მიიღებენ მოქალაქეების განცხადებებს და მიიტანენ მერიამდე. უდუმაშვილი ამბობს, რომ, ერთი მხრივ, მერიის სტრუქტურა უფრო მოქნილი გახდება, ხოლო მეორე მხრივ, შემცირდება ბიუროკრატია. მისი გათვლებით, თუ ახლა გამგეობებსა და მუნიციპალიტეტებში 800-მდე ადამიანია დასაქმებული, მისი რეფორმის შედეგად ეს რიცხვი 200-მდე შემცირდება.

უდუმაშვილმა, ასევე, თქვა, რომ ეყოლება მხოლოდ სამი ვიცემერი და მერის მოადგილეების სხვა თანამდებობებს გააუქმებს. ის აპირებს დედაქალაქის გაყოფას სამ ტერიტორიულ ერთეულად – მარჯვენა სანაპიროდ, მარცხენა სანაპიროდ და ძველ თბილისად, სადაც ვიცემერები იმუშავებენ.

გამარჯვების შემთხვევაში, ძველი თბილისის ვიცემერად უდუმაშვილი ნიკოლოზ ვაჩეიშვილს წარადგენს. ვაჩეიშვილი 2004-2007 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. 2006-2007 წლებში -პირველი მოადგილე, ხოლო 2008 წელს ამავე სამინისტროს მინისტრი. 2009-2013 წლებში ვაჩეიშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორად დაინიშნა. მის პერიოდს უკავშირდება ბაგრატის ტაძრის აღდგენა, რის გამოც ტაძარი იუნესკოს სიიდან ამოიღეს.

მარცხენა სანაპიროს ვიცემერად უდუმაშვილმა წარადგინა ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც რუსთავი 2-ის ადვოკატი იყო. 2003-2005 წლებში ბიბილაშვილი იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია  Ernst & Young-ის ქართული იურიდიული ოფისის დირექტორი. 2005 წლიდან დღემდე არის იურიდიული ფირმა BGI-ს დამფუძნებელი პარტნიორი და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი. 2013 წლიდან ბიბილაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრია.

მარჯვენა სანაპიროს ვიცემერად უდუმაშვილმა ხატია დეკანოიძე წარადგინა. 2007-2012 წლებში დეკანოიძე პოლიციის აკადემიის რექტორი იყო, 2012 წელს კი ის გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დეკანოიძე საცხოვრებლად უკრაინაში წავიდა, სადაც უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა, თუმცა, 2016 წელს მან თანამდებობა დატოვა.

უდუმაშვილის თქმით, ცვლილებები შეეხება მერიის საქალაქო სამსახურებსაც და თუ დღეს 12 საქალაქო სამსახურია, მისი მერობის შემთხვევაში, მხოლოდ 10 სამსახური დარჩება.

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებად უდუმაშვილი შემდეგ პირებს მოიაზრებს: სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელად – ლევან ხაბეიშვილი. კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსად – ირაკლი ნადირაძე, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელად – ნინო კვიტაიშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად – დავით ნებიერიძე, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსად – ბესო შენგელია, ზედამხედველობის სამსახურის უფროსად – თემურ გრიგალაშვილი, დასუფთავების სამსახურის უფროსად – ბესო გაზდელიანი, კულტურის სამსახურის უფროსად – ხათუნა ოჩიაური, ხოლო იურიდიული სამსახურის უფროსად – ვანო პეტრიაშვილი.

უდუმაშვილის თქმით, გამწვანებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსებს, გამარჯვების შემთხვევაში, ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეარჩევს.