საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 კმ-იან საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოვება, ცემენტ-ბეტონის 18 სმ სისქის საფარის, ხოლო ნაწილობრივ მაღალ ქანობებზე – ბაზალტის ქვით ქვაფენილის დაგება.
„პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის მრგვალი მილები, რკინაბეტონის ღია ღარები და ქვით მოკირწყლული ბეტონის კიუვეტი.
ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შედეგად, განახლებულ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გახდება მეტად უსაფრთხო და კომფორტული.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 6 სექტემბერს გაფორმდა. ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 5,9 მილიონ ლარს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.