რა ინიციატივებით შედიან ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები? და როგორ წარმოუდგენიათ თვითმმართველი ქალაქის პრობლემების გადაჭრის გზები დებიუტანტ დეპუტატებს? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ შეკითხვებით, წარმომადგენლობით ორგანოში შესულ პარტიებს მიმართეს. ქალაქისთვის პრობლემური საკითხების ჩამონათვალი ვრცელი რომაა, კარგად იციან – საბავშვო ბაღების სიმცირე, საპარკინგე სივრცეების არ არსებობა, ქუჩების ადაფტირება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების გაუმჯობესება. რომელი საკითხი მიაჩნიათ, პრიორიტეტად ახალბედა დეპუატტებს?
თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ბათუმის საკრებულო კოალიციურად დაკომპლექტდა. განსხვავებით გასული წლებისა, თითქმის ყველა პარტიაში სიის პირველ ნომრებად ახალგაზრდები ჰყავთ. რა ინიციატივებით შედიან წარმომადგენლობით ორგანოში? თავად, დებიუტანტი დეპუტატებს ვკითხეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-10 ნომერს, სხვა საკითხებთან ერთად, ბათუმში, უმთავრეს პრობლემად საპარკინგე სივრცეების ნაკლებობა მიაჩნია. ბაჩი მექვაბიშვილი ამბობს, რომ საკრებულოში, ქაოტური მშენებლობების დარეგულირების საკითხის წარდგენასაც აპირებს.
საკრებულოს ტრიბუნის გამოყენებას, თეკლა კავაზაშვილი, განათლების საკითხების მიმართულებით აპირებს. ამბობს, რომ მისი უმთავრესი საზრუნავი წარმომადგენლობით ორგანოში, საბავშვო ბაღების პრობლემებით დაიწყება. აპირებს, დანერგოს აღსაზრდელთა ინდივიდუალური ვაუჩერიზაციის პრინციპი, რაც მისი აზრით, მშობელს, კერძო და საჯარო ბაღს შორის არჩევანის გაკეთების უფლებას მისცემს. პროფესიით პედაგოგს აქვს სხვა გეგმებიც.
ახლად შექმნილ პარტიაში, რომელიც პირველივე კენჭისყრის შედეგებით, მე-3 ადგილი დაიკავა, უმთავრეს პრობლემად, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის არა ადაპრიტებული გარემო მიაჩნიათ. ირაკლი თავდგირიძე მუშაობას, შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით აპირებს.
პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ სამუშაოდ მარშალის გეგმა აქვთ. გუნდიდან, ბათუმის საკრებულოში, სიის პირველი ნომერი შევიდა. ირაკლი კუპრაძეს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც განიხილავენ. მისი უმთავრესი პირობა, აქტიური მოქალაქეების ჩართულობით, განაშენიანების გეგმის გადახედვა და სისრულეში მოყვანაა. გარდა ამისა, აპირებს, შექმნას აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, მოქალაქეებს, სხდომებზე დასწრება ონლაინ ფორმატში შეეძლებათ.
მმართველი გუნდიდან, ბათუმის საკრებულოში, 16 წევრი მოხვდა. მათ შორის ბევრია ახალი სახეც. რა იქნება პირველი ინიციცატივა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრები წარმომადგენლობით ორგანოში, ბათმელების სასარგებლოდ. წარადგენენ. პარტიული სიის პირველი 16 წევრიდან, ჩვენთან საუბარი, არცერთმა ისურვა.