2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა საარჩევნო გარემო დააზიანა გავრცელებულმა ბრალდებებმა, რომელიც შეეხებოდა, დაშინებას, ხმების მოსყიდვას, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლასა და არათანაბარ პირობებს.
ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი იზიარებენ ოდირის შეშფოთებას. ამასთან განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რესურსების დისბალანსის გარდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლარიზებული გარემო, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს.
“ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილებს პოლარიზებულ მედიაგარემოზე, რესურსების გადანაწილების თვალსაჩინო დისბალანსსა და კამპანიის დაფინანსების არასაკმარის კონტროლზე, კამპანიებში ქალთა ნაკლები ხილვადობაზე, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასა და ჟურნალისტებზე ზეწოლაზე. მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების არათანაბარ გადანაწილებასთან ერთად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური გარემოს განგრძობადი პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც. ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი იმისა, რომ ესა, თუ სხვა საარჩევნო დარღვევები ნელ-ნელა მისაღები გახდეს, როგორც გარდაუვალი. ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტს საარჩევნო პროცესში. დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან დაფიქსირებული ხარვეზები გამოსწორებული უნდა იყოს მეორე ტურის არჩევნებამდე, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი საარჩევნო პროცესი”,-ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თვითმმართველ ქალაქებში, მერის ასარჩევად საჭირო გახდა მეორე ტური. მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.