მცხეთაში საჩივრების განხილვისას ენმ-ის მოთხოვნა უბნების გაბათილებაზე არ დააკმაყოფილეს, ენმ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

773

მცხეთის #27 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილმა განაცხადა, გადათვლის შემდეგ რეგისტრატორის მექანიკური შეცდომაა აღმოჩენილი და გასწორებულია.

მე-18 უბნის თავმჯდომარეს, რეგისტრატორს და მთვლელს კი დისციპლინური პასუხისმგებლობა, გაფრთხილება დაეკისრა.

“იყო საჩივრები შემოსული, განვიხილეთ, საჩივარში მოთხოვნილი იყო, რომ გაგვეხსნა, შესაბამისად, გავხსენით მაჟორიტარულიც, პროპორციულიც და ამასთანავე გაიხსნა სამაგიდო სიებიც.

გამოვლინდა და დავადგინეთ კიდევაც, რომ ერთ რეგისტრატორს სამჯერ ჰქონდა ხელი მოწერილი და როდესაც ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, ამომრჩეველს არ მოაწერინა ხელი. კომისიურად ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება.

ჩვენ დღეს გადავთვალეთ უბნის შედეგები და დავადგინეთ, რა მოხდა და რა იყო. რეგისტრატორმა სამ ამომრჩეველს ხელი არ მოაწერინა, 695 კაცის ნებას ამომრჩევლისას ვერ დავაყენებდით საფრთხის ქვეშ. იმ სამი ადამიანის ნებაც დაცულია, რომელიც ჩვენ დავთვალეთ ხელმოწერებით და რეალურად თვითონ ბიულეტენით და ერთმანეთში დაემთხვა. დისციპლინურ საკითხზე ვიმსჯელეთ და გამოვიტანეთ პასუხისმგებლობა მათ შესახებ. თავმჯდომარეზე, რეგისტრატორზე და მთვლელებზეც, რომლებმაც ვერ გადათვალეს ნორმალურად. დავაკისრეთ მათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, გაფრთხილებით”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ბიულეტენების რაოდენობასა და ხელმოწერებს შორის არსებული შეუსაბამობა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად უბნის შედეგების გაბათილებას ექვემდებარება, თუმცა, კომისიამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა მეტი იყო მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ კონკრეტულ უბანზე დატრიალდა კარუსელი.

გადათვალა კომისიამ, ორი ზედმეტი ხმის ნაცვლად ოთხი ზედმეტი ამოვიდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავდა, რადგან 17 – კაციანი საოლქო კომისიიდან 13 – კაციანი უპირატესობით ხელის გადაგრეხით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პირდაპირ გაბათილებას ექვემდებარებოდა ამ უბნის მონაცემები, მაგრამ „ქართული ოცნების“ მორჩილმა 13-კაციანმა საოლქო კომისიამ სისხლის სამართლის დანაშაულზე მოაწერა ხელი. ამას ჩვენ აუცილებლად წავიღებთ სასამართლოში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მარიკა დათუკიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ წარმომადგენელმა კომისიის გადაწყვეტილებას „თვალში ნაცრის შეყრა“ უწოდა და განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნულ უბანზე კარუსელი განხორციელდა.

„ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო ასეთი შემთხვევა, მხოლოდ რეგისტრატორის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული და არ იყო ამომრჩევლის ხელმოწერა. მიუხედავად აღნიშნულისა, რომ არ იყო ამომრჩევლის ხელმოწერა, კომისიამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ეს ხმები ჩათვლილიყო ნამდვილ ხმებში და როგორც იქნა დაჯდა უბანზე ბალანსი და ნამდვილად 696 ხელმოწერა და 696 ბიულეტენი დაჯდა, თუმცა დიდი ეჭვი არსებობს, რომ ერთი და იგივე რეგისტრატორი მიზანმიმართულად ახორციელებდა ხელმოწერებს, რადგანაც დიდი ალბათობით ამ უბანზე განხორციელდა კარუსელი და როგორღაც უნდოდა დამჯდარიყო რაოდენობა, თუმცა შემაჯამებელ ოქმში მაინც ვერ დაჯდა ბალანსი და ეს შავი სამუშაოს შესრულება მოუწია საოლქო კომისიას, რომელმაც ასე მიზანმიმართულად, თვალში ნაცრის შეყრით დასვა ბალანსი“, – განაცხადა ნინო ბაზიკაშვილმა.