ბუნებრივია, კონსულტაციებზე ჩვენ მზად ვართ — ბოკუჩავა გახარიას შეთავაზებაზე

404

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ექსპრემიერის, გიორგი გახარიას წინადადებაზე სამმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა მისი თქმით, გახარიამ უნდა გადაწყვიტოს, სად დგება.

“არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის წარმოადგენს ოპოზიციას და არჩევნების შემდეგ, მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა სიტყვით და ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, ის არის ოპოზიციაში, თუ ის არის ივანიშვილის სახელისუფლბელო პროექტი. რა თქმა უნდა, ამის დამტკიცების უმთავრესი შესაძლებლობა არის მისი პოზიციონირება საკრებულოებში ყველაგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია, რომ მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე.

საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგება, ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან. ამით, მათ შორის, მისი ამომრჩეველიც ნათლად გაიგებს, რა არის მისი პოლიტიკური არჩევანი — ივანიშვილის პროექტად პოზიციონირებს თუ რეალურად სურს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. ასე რომ, ბუნებრივია ამ კონსულტაციებზე ჩვენ მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე”, — აცხადებს ბოკუჩავა.

დღეს პარტიამ საქართველოსთვის ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სამმხრივი მოლაპარაკებების ღია ფორმატი შესთავაზა. გიორგი გახარიას მტკიცებით, მმართველი პარტია და ენმ ფარული მოლაპარაკებებით ცდილობენ შეთანხმების მიღწევას, “იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტეს საკრებულო”.