გახარიასთან ჩვენი გუნდიდან არანაირი კავშირი არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას უპასუხა.
თუმცა, ვოლსკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში იქნება მოლაპარაკებები იმ ადამიანებთან, ვინც საკრებულოებში იმ პოზიციაში არიან, რომ შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხის ბედი გადაწყვიტონ.
„საერთოდ, პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები არ არის უჩვეულო ამბავი, მაგრამ უჩვეულოა ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობის” ხელშეწყობა. რაც შეეხება საკრებულოებში მისი წარმომადგენლების პოზიციას, ის განპირობებული უნდა იყოს არა მოლაპარაკებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება “ნაცმოძრაობასთან” ჰქონდეს “ქართულ ოცნებას”, თუნდაც, ცალმხრივ ფორმატში, არამედ იმ ინტერესებიდან, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია. აქედან გამომდინარე, თემატური პოზიცია უნდა შეარჩიონ მათმა წარმომადგენლებმა, პირადად გახარიაზე განზრახ არ მაქვს საუბარი და გადაწყვეტილება თემატური საკითხებიდან უნდა მიიღონ – რომელი შეთავაზება სჯობს საზოგადოებისთვის, რომელსაც ისინი ადგილზე წარმოადგენენ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” მოლაპარაკებები, ან ჩურჩული და კონსპირაცია რასაკვირველია, მისაღები არ იქნება,”- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს.
ამასთან, როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ “რაღაც სარგებლებს” ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: “რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”.