პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს – ახლა ვთქვათ, რომ გახარიამ “ნაცმოძრაობას” გაუყალბა?

319

„ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს – ზოგიერთი პოპულისტივით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ მართავენ, ვთქვათ, რომ გახარიამ “ნაციონალურ მოძრაობას” გაუყალბა? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც პაპუაშვილი უბნებში დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით აღნიშნავს, ხარვეზი ზოგჯერ მართლაც ხარვეზია და ამით მანიპულირება ხდება.

„ყვარლის მე-8 უბანზე, შემთხვევით შერჩევით 10%-ის გადათვლისას, აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს. რა ვქნათ ახლა? ზოგიერთი პოპულისტივით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ მართავენ, ვთქვათ, რომ გახარიამ “ნაციონალურ მოძრაობას” გაუყალბა?

სინამდვილეში, ზოგჯერ ხარვეზი, უბრალოდ ხარვეზია. რაც სწორედ შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის გადათვალამაც დაადასტურა.

სხვათა შორის, დაზუსტების შედეგად “ქართულ ოცნებას” თბილისში 520 ხმა დაგვემატა (ანუ აღმოჩნდა, რომ მანამდე დაგვაკლეს და გაგვიყალბეს).

ასე, რომ იცოდეთ, ყველა ვინც დღეს ამ საკითხით მანიპულირებს, უბრალოდ თქვენით მანიპულირებს,”- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.