1 293 996-ლარიანი ტენდერი – რა შენდება ბახმაროში

455

მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) დაბა ბახმაროში 1 293 996 ლარის ღირებულების დასასვენებელ პარკს აშენებს. შესაბამისი ტენდერი ფონდმა 2020 წლის აგვისტოში გამოაცხადა, ხოლო ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან 2020 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა. ინფორმაციას publika.ge აქვეყნებს.

სამუშაოებს შპს „ქართლი” აწარმოებს. სამუშაოების მიწოდების საერთო ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 18 თვეა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, სამუშაოების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით შეადგენს 1 293 996 ლარს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით:

„სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩის გასწვრივ, ქ. ჩოხატაურიდან დაახლოებით 54 კმ. მანძილზე და შედგება ორი სეგმენტისგან, რომელიც ჯამში მოიცავს დაახლოებით 13 805 კვ.მ-ს. აღნიშნული ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილი იმყოფება ზღვის დონიდან საშუალოდ 1 871.50 მ-ზე, ხოლო დასავლეთ ნაწილი 1 858.50 მ-ზე.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას (გარე ღობის დემონტაჟსა და ახალი დეკორატიული ღობის მოწყობას, საგამოფენო სივრცისა და ამფითეატრის მოწყობა, უმოქმედო ლითონის სამი ჯიხურისა და ძველი მოცულობების დემონტაჟს, საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობას, დასასვენებელი ბაქნისა და მასზე მდგომი ფანჩატურის მოწყობას, საფეხმავლო ტროტუარისა და სანიაღვრე არხის მოწყობას, ასევე ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას, ბაქნებზე გრუნტის დამჭერი რ/ბ-ის საყრდენი კედლების მოწყობას).

პროექტი ასევე გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიიის კეთილმოწყობას – საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (ელექტრო სისტემა და სანიაღვრე სისტემა), საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას, სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე შესაბამისი ფურნიტურის განთავსებას”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.

საერთო სამუშაოებია:
1. გარე ღობის დემონტაჟი და ახალი დეკორატიული ღობის მოწყობა;
2. საგამოფენო სივრცისა და ამფითეატრის მოწყობა;
3. უმოქმედო ლითონის სამი ჯიხურისა და ძველი მოცულობების დემონტაჟი;
4. საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობა;
5. დასასვენებელი ბაქნისა და მასზე მდგომი ფანჩატურის მოწყობა;
6. საფეხმავლო ტროტუარისა და სანიაღვრე არხის მოწყობა;
7. ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობა;
8. ბაქნებზე გრუნტის დამჭერი რ/ბ-ის საყრდენი კედლების მოწყობა;
9. ტერიტორიის კეთილმოწყობა;
10. გარეგანათების ქსელების მოწყობა;
11. გარე სანიაღვრე ქსელების მოწყობა.