პოლიტიკურ დიალოგსა და შეთანხმებას გამოვრიცხავთ როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ “ნაციონალურ მოძრაობასთან” – ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ზოგ-ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია იმისა, რომ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ვისთანაც მმართველი პარტია მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა შევიდეს.
ოხანაშვილი ირწმუნება, რომ გახარიას განცხადება მისი წარმომადგენლების გადაბირებაზე “მორიგი ტყუილია”.
“ეს არის ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე. ერთხელ უკვე ვთქვით და ჩვენი სიტყვების ერთგული ვრჩებით, რომ მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომლებიც ერთი მხრივ, ასოცირდებიან ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან. ზოგადად, ღალატი მიუღებელია ნებისმიერ ასპექტში, ეს იქნება პოლიტიკაში თუ სხვა სფეროში. გვჯერა, “ქართული ოცნება” მოიპოვებს დამაჯერებელ და ღირსეულ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან ის პოლიტიკური რესურსი და ძალა გვექნება, სადაც მაქსიმალურად შევძლებთ, საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას.
მესმის, რომ გიორგი გახარიას ჯგუფი სასოწარკვეთაშია, ღალატის შემდგომ. როგორც ჩანს, უფრო მეტი სასოწარკვეთა მიიღეს, რადგან მათ ზედმეტი მოლოდინები ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაზე. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ არა თუ გამარჯვების, არამედ მეორე ადგილის რესურსიც არ გააჩნდათ. გახარიას განცხადება მისი წარმომადგებლების გადაბირებაზე არის მორიგი ტყუილი. სამწუხაროდ, ეს ადამიანი პირდაპირ ეთერებში იტყუება. თურმე, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არავინ ვიყავით და სანთლით გვეძებდა. ამ ადამიანის აღარ მჯერა, არც საზოგადოებას და მისი სიტყვები ნულის ტოლფასია”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს.
ამასთან, როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ “რაღაც სარგებლებს” ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: “რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”.