ხათუნა სამნიძის აზრით, ქალაქების მმართველობაში კოალიციური მთავრობის შექმნა განხორციელებადი ინიციატივაა

330

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ხელძღვანელის ხათუნა სამნიძის აზრით, ქალაქების მმართველობაში კოალიციური მთავრობის შექმნა განხორციელებადი ინიციატივაა.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, საზოგადოების ძირითადი დაკვეთა სწორედ დიალოგი, თანამშრომლობა, კოალიციური მთავრობის შექმნაა და როცა ამომრჩეველი დაიჯერებს, რომ ეს ასე გაკეთდება, გაუჩნდება მოტივაცია, არჩევნებზე მივიდეს და ოპოზიციურ კანდიდატს მისცეს ხმა.

“მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა პატიმრობამ არჩევნების შედეგებზე გავლენა უკვე იქონია. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვითარება დაიძაბა და სრულიად პოლარიზებული გახდა. ეს შედეგებზეც აისახა. დღეს უკვე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი საარჩევნო კამპანია ექნებათ ოპოზიციურ კანდიდატებს იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ვინც პირველ ტურში ერთ ან მეორე კანდიდატს მხარს არ უჭერდა, დაარწმუნოს, რომ ცვლილებებისათვის მისი საარჩევნო ყუთთან მისვლა აუცილებელია. ეს ჩვენი, ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობა და ტვირთია. ოპოზიციურმა პარტიებმა ის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც საკუთრივ “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს არ უჭერდა, უნდა დაარწმუნოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად კოალიციური მთავრობის ფარგლებში ითანამშრომლებენ. ასევე, “ნაციონალურმა მიძრაობამ” უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ქალაქებში ერთპარტიული მმართველობა არ იქნება”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.