ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მომავალი წლის ბიუჯეტში პანდემიასთან დაკავშირებული თანხების შემცირების საკითხს განმარტავს

174

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, პანდემიასთან დაკავშირებული თანხების შემცირება პანდემიის დონის შემსუბუქებით და შესაბამისად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით ახსნა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„პანდემიასთან დაკავშირებული თანხები და ასევე პანდემიის სიმძიმე გამომდინარე იქიდან, რომ წელს ჩვენ გვაქვს ინტენსიური ვაქცინაცია, უნდა შემცირდეს. ასევე, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინიც გვაქვს. ძირითადი რესრუსი, რომლის მობილიზება მოხდება ისევ დამატებითი ვაქცინების დოზების შესასყიდად, ეს გათვალისწინებულია „ევროპის საინვესტიციო ბანკის“, „მსოფლიო ბანკისა“ და ასევე „აზიის განვითარების ბანკის“ მიმდინარე სასესხო პროექტების ფარგლებში. ამრიგად, ისეთი დიდი დატვირთვის მოლოდინი რადგან არ გვაქვს, ეს საბიუჯეტო პარამეტრებზეც აისახა.

რაც შეეხება დიაბეტიანი ბავშვებისთვის იმ აპარატის შეძენას, რომელიც იძლევა მიმდინარე პერიოდში გლუკოზის დონის მონიტორინგს, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო „დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციასთან“ ერთად დიდი ხანია აქტიურად მუშაობს. უკვე პრაქტიკულად შერჩეულია ის აპარატურა, რომლის შესყიდვაც უნდა მოხდეს. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ დამატებით ამ რესურსის მობილიზება მოხდეს. ეს არ არის ისეთი დიდი თანხა, რომ მისი მობილიზება შეუძლებელი იყოს და ვფიქრობ, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებლად მოხდება, რათა ბავშვებმა მიიღონ მომავალ წელს შესაბამისი ხარისხის სერვისი“, – განაცხადა გაბუნიამ.