პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარდაჭერას უცხადებს.
პარტიის წევრის ბადრი გრიგალაშვილის განცხადებით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა, არჩევნების მეორე ტური მაინც იმართება.
როგორც გრიგალაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიცია მეორე ტურზე კონცენტრირდება და ამასთან, ძალაში რჩება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა.
„ეს არჩევნები შეუძლებელია სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებულ არჩევნებად ჩაითვალოს. ამას ადასტურებს მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები, სენატორების შეფასებები, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწია დაშინების, შანტაჟის და მუქარის მეთოდების გამოყენება, რათა ეს შედეგი დაეწერა. თუმცა, ამის მიუხედავად „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვა პარტიებთან თანამშრომლობით ვეცდებით, თითოეული ხმა დავიცვათ; ვნახოთ, თითოეული შესწორებული ოქმი, გასაჩივრებული ბიულეტენები გადავთვალოთ. ამ ბრძოლას ბოლომდე გავყვებით. ამის გარდა მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, მეორე ტური მაინც გაიმართება, ოპოზიციამ მოახერხა დიდ ქალაქებში გამარჯვება.
ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩაწერილიყო, რომ საარჩევნო სისტემა ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული ყოფილიყო, რაც უზრუნველყოფდა, რომ ყველა საკრებულო ოპოზიციით იქნებოდა დაკომპლექტებული. ამას ვერ მივაღწიეთ. ამ შეთანხმების არცერთი პუნქტი „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა, შესაბამისად, ჩვენ ვტოვებთ მოთხოვნას, რომ ამ ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან ჯერ კიდევ არალეგიტიმური ხელისუფლება გვაქვს. ჩვენ ადამიანებს ვერ ავუხსენით საკმარისად, რომ მოსულიყვნენ არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას“ სასურველი შედეგების დაწერისთვის გაყალბების მეთოდები არ ყოფნოდა. სწორედ ამიტომ, სრულად ვკონცენტრირდებით მეორე ტურზე, სადაც ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. მათ შორის „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ ბორის ჩელე ყურუა იქნება საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი. ის არის თბილისის ერთადერთი ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე ტურში გადასული, რომლის საარჩევნო კამპანიაზეც „გირჩი – მეტი თავისუფლება“ სრულად კონცენტრირებას აპირებს. ამასთან, ძალაში ვტოვებთ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ მგონია ლეგიტიმური, მეორე მხრივ ვკონცენტრირდებით სრულად მეორე ტურებზე“,- განაცხადა გრიგალაშვილმა.