სარჯველაძე: ოპოზიციის მცდელობა, რომ დისბალანსი ავტომატურად წარმოაჩინონ როგორც ბიულეტენების ჩაყრის მტკიცებულება, ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

678

ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რომ დისბალანსი ავტომატურად წარმოჩენილი იქნას როგორც ბიულეტენების ჩაყრის მტკიცებულება, ეს არის ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დისბალანსის მიზეზის გარკვევის საშუალება მათ შორის ავტომატური გადათვლაა, რაც კანონით არის გათვალისწინებული და შემთხვევითი შერჩევის პრინციპს გულისხმობს. რაც შეეხება კონკრეტული უბნების გადათვლას, როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა მიზეზი აუხსნელია და ეს შესაბამისი ადმინისტრაციის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა განხორციელდეს.

„დისბალანსი ასეთი მყიფე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. არის ზოგიერთი შემთხვევა, როცა არ ემთხვევა მონაწილეთა რაოდენობა პროპორციულ და მაჟორიტარული პრინციპით, არის ეს ბევრგან, როცა ვიღაც შეიძლება აძლევდეს ხმას სხვადასხვა დისლოკაციის ადგილის მიხედვით, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს რაოდენობის სხვაობას იძლეოდეს. ასევე, შესაძლებლობა, ბიულეტენი დაიკარგოს, ეს ვერ კონტროლდება, შეიძლება ამომრჩეველმა ურნაში მოათავსოს სამიდან ორი ბიულეტენი, ეს იძლევა გარკვეულ ცდომილებებს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მექანიკურ შეცდომებს, ამიტომ ამის გადათვლის პრინციპი. ვიდრე არ იქნება გამოკვლეული რა შეიძლება იყოს მიზეზი ამგვარი დისბალანსისა, არ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა. ამის დადგენის მექანიზმია გადათვლა, მათ შორის შემთხვევით შერჩევის პრინციპით და მეორე შემთხვევაა, როცა ამას გადაწყვეტს შესაბამისი ადმინისტრაცია ან სასამართლო. თუ აუხსნელია დისბალანსი და ეს ცდება რეალურ მონაცემებს ამ შემთხვევაში შეიძლება გადათვლა და არა ყველა დისბალანსზე, რადგან დისბალანსი შეიძლება აიხსნებოდეს მიზეზით, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია“, – განაცხადა სარჯველაძემ.