#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაიწყო. კომისიაში სულ 6 საჩივარია შესული. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
დღეს, 6 ოქტომბერს, კომისიამ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლის, ზვიად ცირეკიძისა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თამარ ნებიერიძის საჩივრები განიხილა.
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ საჩივარი 48.37 გედსამანიის უბანზე დაწერა. ამ კომისიის წევრებმა მამუკა და ზვიად ლომიძეებმა გადასატანი ყუთი შეცდომით სხვა ამომრჩეველს მიუტანეს.
საქმე იმაშია, რომ გედსამანიაში ორი ნინო ლომიძე ცხოვრობს. მათგან ერთ-ერთი გადასატან ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული. კომისიის წევრებმა გადასატანი ყუთი შეცდომით იმ ნინო ლომიძესთან მიიტანეს, რომელიც ყუთის სიაში არ იყო რეგისტრირებული. აღნიშნულ პირს იმ დღეს უცხოეთიდან გარდაცვლილი შვილი ჩამოუსვენეს. კომისიის წევრებმა ასეთ მძიმე სიტუაციაში ამომრჩეველს პირადობის მოწმობა ვეღარ მოსთხოვეს და ხმა ისე მიაცემინეს.
საარჩევნო უბანზე ყუთის დაბრუნების შემდეგ მეორე ნინო ლომიძე, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული, უბანზე ყავარჯნებით მივიდა და ხმის მიცემა მოინდომა, თუმცა, მას ეს უფლება შეეზღუდა, რადგან გადასატანი ყუთის სიაში მის გრაფაში ხელმოწერა უკვე არსებობდა.
საოლქო საარჩევნო კომისიამ გედსამანიის კომისიის წევრებს – მამუკა და ზურაბ ლომიძეებს შენიშვნა მისცა.
მეორე საჩივარი #48.01 ხარაგაულის საუბნო საარჩენო კომისიის რეგისტრატორს ტარიელ მდინარაძეს ეხებოდა.
საჩივრის მიხედვით აღნიშნულმა რეგისტრატორმა ამომრჩეველ ალექსანდრე ბარბაქაძეს ორი ერთნაირი ბიულეტენი მიაწოდა, ხმის მისაცემ კაბინაში შესულმა ამომრჩეველმა ეს დააფიქსირა და კომისიის თავმჯდომარეს მიმართა. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული ბიულეტენები გაფუჭებულ ბიულეტენად ჩათვალა და ამომრჩეველს ბიულეტენები გამოუცვალა.
ენვერი ხიჯაკაძის თქმით, #48.01 ხარაგაულის საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორს ამ შემთხვევაში დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ ეკუთვნის, რადგან მისი შეცდომა მალევე აღმოაჩინეს და ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება მიეცა.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თამარ ნებიერიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. კენჭისყრაში მონაწილეობა კომისიის ოთხმა წევრმა არ მიიღო.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძის თქმით, დანარჩენ 4 საჩივარს კომისია, სავარაუდოდ, ერთად განიხილავს. ამ საჩივრებზე ამჟამად იურისტი მოკვლევას აწარმოებს.