მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” საჩივარი, 1 საარჩევნო უბნის ხელახლა გადათვლაზე დარეგისტრირდა და მას კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ. პეტრე მანტუას თქმით, გაიხსნება თუ არა უბანი და დაითვლიან თუ არა ხმებს ხელახლა, ამას კომისია გადაწყვეტს, ეს არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ჩავატარებთ მოკვლევას. საჩივრის განხილვა მთელ რიგ პროცედურებს მოიცავს. იქ მომჩივანი მხარე, მოპასუხე. გარემოებები უნდა გამოვიკვლიოთ და შესაბამისად მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. ეს არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ვინმეს უბნის გახსნა უნდოდეს და კომისიამ გახსნას. ეს არის კომისიური გადაწყვეტილება, სადაც კომისიის თითოეული წევრი აფიქსირებს თავის ხმას, გაიხსნას უბანი თუ არა. თუ არ არის გარემოება იმის, რომ არ გაიხსნას, არ გაიხსნება, თუ გამოიკვეთება ისეთი გარემოება, დარღვევა, კი ბატონო”, – უთხრა პეტრე მანტუამ “ლაივპრესს”.
მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადები არ დარღვეულა და კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდა საჩივრის დარეგისტრირებაც.
“გახარია-საქართველოსთვის” განცხადებაზე, რომ თუ უბნის ხელახლა გადათვლას დათანხმდება საოლქო საარჩევნო კომისია, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, ამას საარჩევნო სუბიექტები საკუთარი გადმოსახედიდან ამბობენ, რადგან, საჩივრის დარეგისტრირება ავტომატურად უბნის გახსნას არ ნიშნავს. ამ გადაწყვეტილების მიღებას საკმაოდ მაღალი ქვორუმი სჭირდება, სრული შემადგენლობის 2 /3-ის თანხმობა.
“გახარია-საქართველოსთვის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის განცხადებით, მარტვილის პირველ საარჩევნო უბანზე მათმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიორგი ხორავამ გაიმარჯვა, თუმცა მმართველი პარტია ამ უბნის მონაცემთა ხელახლა გადათვლას ითხოვს აბსურდული მიზეზით, თითქოს ხმის დათვლის პროცესში ნერვული ფონის შედეგად, ხმის დამთვლელი პირები შეცდომებს უშვებდნენ. თუმცა, უშუალოდ ამ დროს რაიმე ტიპის პროცედურული საჩივარი არ დაფიქსირებულა.
მარტვილის 1 საარჩევნო უბანზე გიორგი ხორავას 42,1% აქვს, “ოცნების” კანდიდატ დავით ბარამიას 36,54%.