„ქართული ოცნება“ რიგითი პოლიციელების ჩართვით ცდილობს არჩევნების გაყალბებას – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.
საგანგებო ბრიფინგზე ბოკუჩავამ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. კერძოდ, ბოკუჩავა ამბობს, რომ ისანში ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია, რასაც კანონმდებლობა კრძალავს.
დეპუტატმა მიმართა ცესკოს და შინაგან საქმეთა მინისტრს და ნინო ნიკურაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ისნის მეხუთე ოლქის მე-11 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, რომელიც აცხადებს, რომ ამავე კომისიის თავჯდომარე არის ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. საარჩევნო კოდექსი პირდაპირ კრძალავს ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენ მივმართავთ შესაბამისად ცესკოს, რომ მოიხსნას აღნიშნული პიროვნება ნინო ნიკურაძე დაკავებული თანამდებობიდან, ასევე მივმართავთ მინისტრ მღებრიშვილს, რომ დაკავებული თანამდებობიდან მოხსნას ეს პიროვნება,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ისნის მე–5 ოლქის მე–11 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელი არ არის. მისი ინფორმაციით, ნინო ნიკურაძე, რომელიც ისნის მე–5 ოლქის მე–11 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, გადამზიდავ კომპანიაში მუშაობს.
„სულ ერთი საათია, რაც ეს ინფორმაცია მოვიდა საარჩევნო ადმინისტრაციაში. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და ნამდვილად გვყავს ნინო ნიკურაძე უბნის თავმჯდომარედ. თუმცა, გვაქვს წინასწარი ინფორმაცია და დასაბუთებულად აპირებს თავმჯდომარე ამ ინფორმაციის წარმოდგენას და დადასტურებას, რომ ის მუშაობს გადამზიდავ კომპანიაში. ჩვენ გვაქვს ასეთი წინასწარი ინფორმაცია; ის არის გადამზიდავი კომპანიის თანამშრომელი და არა ძალოვანი უწყების“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
შსს კი ბრალდებას უარყოფს, “გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.
ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.