ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ ეტაპზე კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობას არ გეგმავს

368

ჩვენ არავისთან კონსულტაციები არ გვქონია, ვაფასებთ ჩვენს საარჩევნო შედეგებს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მხარდამჭერები პოლიტიკური წნეხისგან, – ასე უპასუხა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, გამართა თუ არა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პარტიამ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციები.

გიორგი ვაშაძემ ასევე უპასუხა ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც კოალიციურ მთავრობას შეეხება და განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობას არ გეგმავს.

“რაც შეეხება კოალიციებს, ჩვენ ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც ამ არჩევნების შედეგად დადგა”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა. გიორგი ვაშაძის თქმით, ამას მოწმობს არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები და საერთაშორისო შეფასებები.

„არჩევნები გაყალბებულია, არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე. როგორც ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, არჩევნები არის მთლიანად საარჩევნო პროცესი და შესაბამისად, დასკვნები ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებიდან უნდა გამოვიტანოთ, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ დაშინებაზე, მისყიდვაზე, ეს რომ არ უნდა იყოს სამართლიანი არჩევნების ნაწილი, მგონი 2-ჯერ ორი ოთხია”,-განაცხადა ვაშაძემ.