64 ოლქიდან 44 ოლქში პირველივე ტურში მოვიგეთ, უმრავლესობა პრაქტიკულად ყველგან მოვიპოვეთ. არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები? – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამ არჩევნების და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ასეთი შედეგი არ ჰქონია და იგივე შეიძლება ითქვას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„თბილისში იყო 21 მაჟორიტარული ოლქი, საიდანაც 17-ში მეორე ტური დაინიშნა. ახლა თბილისის 10 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ერთგან დაინიშნა მეორე ტური. თუმცა ყველაზე სასაცილო ისაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ზეიმობს. ხომ არ მეშლება შემთხვევით – 47% ხომ ნამდვილად ავიღეთ? სააკაშვილის ხომ ციხეშია? რას ზეიმობენ ისინი – დიდ ქალაქებში მეორე ტურები 2016 წელსაც იყო, და 2017 წელსაც. ჩვენ ხომ ვცდილობთ, ევროპულ ქვეყნებს დავემსგავსოთ და არა იმ ქვეყნებს, სადაც, თუ პირველ ტურში არ მორჩა არჩევნები, ყურები უნდა ჩამოვყაროთ? ესაა განვლილი წლების პრაქტიკაც და ევროპული პრაქტიკაც. 64 ოლქიდან 44 ოლქში პირველივე ტურში მოვიგეთ, უმრავლესობა პრაქტიკულად ყველგან მოვიპოვეთ. არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები?“ – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელი ისიც, რომ უკანასკნელი ერთი წელი საკმაოდ მძიმე იყო.
„პირველი – ბიძინა ივანიშვილი, როგორც უდიდესი ფაქტორი, პოლიტიკაში აღარაა საერთოდ – ამ კაცის როლიც ვიცით, ქველმოქმედებაც და პოლიტიკური ქველმოქმედებაც. „ნაციონალებმაც“ იციან, უბრალოდ არ ამბობენ. ეს მოხდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ. მეორე – ფაქტებმა ხომ დაადასტურა, რომ გიორგი გახარიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის პროცენტები დაეკლო. მესამე – ბოლოსწინა დღეს მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა საქართველოში და თუკი სადმე პოტენციური ამომრჩეველი ჰყავდა „ნაცმოძრაობას“, ისტორიული მაქსიმუმი დადო ამ მიმართულებით, რაც ოპოზიციაში არიან – ყველა მივიდა არჩევნებზე. ამ ყველაფრის ფონზე მივიღეთ პრაქტიკულად იგივე შედეგი, მხოლოდ 1%-ით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.