ევროპარლამენტარები: საქართველომ ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური, თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის

291

გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის.

„თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და მთავარი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი. ევროპარლამენტის წევრთა დელეგაცია, ბატონი მაიკლ გალერის ხელმძღვანელობით, დააკვირდა ამ არჩევნებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლებთან ერთად, ეუთო/ოდირი- ის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში – ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ მთელი გულით გაწეული სამუშაოსთვის,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ 43% -იანი ბარიერი გადალახა.

„ჯეროვან ყურადღებას ვაქცევთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოცხადებულ შედეგებს – მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს ხმების 46.6% და გადალახეს 43% -იანი ბარიერი, რაც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.

ეს არჩევნები ჩატარდა არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. ამომრჩეველს მიენიჭა რეალური არჩევანის საშუალება სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია. კენჭისყრის დღემ ჩაიარა მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად გარკვეული პროცედურული პრობლემებისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საარჩევნო გარემოზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია გარემოს პოლარიზაციით.

„საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია გარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით, რაც ზოგჯერ სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებას იწვევდა. ძალიან ხშირად, პირადი თავდასხმები ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩევლებს ართმევდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. საზოგადოებრივი რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ისევე როგორც გავრცელებული ბრალდებები ამომრჩევლების მოსყიდვის და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების შესახებ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული.

საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს ეუთოს/ოდირი-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტას და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას. ასევე, აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხის გადაჭრა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, პირველი ტურის დროს დაფიქსირებული ხარვეზები აღმოფხვრან.

„არჩევნების მეორე ტურის წინ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ ბოლო მოუღონ პირველი ტურის დროს დაფიქსირებულ არასწორ ქმედებებს. ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი

: ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს. მათ პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, დაპირისპირების ფურცელი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაფურცლონ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ. ევროპარლამენტი მზადაა, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დახმარების გაწევით, მათ შორის დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის მთელი სპექტრით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში,“- აღნიშნულია განცხადებაში.