ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მომდევნო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება – ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ შემდეგი სამი წელი საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების სამი წელი იქნება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე სესიაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, როგორც იქნა 9 წლის თავზე სამართალი და კანონი აღსრულდა.
„ადამიანი, რომელიც უამრავ დანაშაულში არის ბრალდებული, დღეს სასჯელს საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში დამსახურებულად იხდის.
შეგახსენებთ ამ დანაშაულთა მცირე და ზოგად ჩამონათვალს: – ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გაუპატიურება, რაც ხდებოდა როგორც ციხეებში, ასევე ციხეებს გარეთ. ეს იყოს სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაული, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ქუჩაში ადამიანების ჩახოცვა, სანდრო გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე და ასე შემდეგ. ესეც მისი დანაშაულებია და ყველას კარგად გვახსოვს… იყო აღვირახსნილი კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში, ტელევიზიების მონოპოლიზაცია და მედიასაშუალებების სრული მიტაცება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი – ათასამდე ადამიანს სახელმწიფოზე ქონება აჩუქებინეს.
ამ ადამიანის და მისი რეჟიმის უმთავრესი დანაშაული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის რუსეთის ფედერაციისთვის ჩაბარება იყო. დღეს ამ დანაშაულთა ჩამდენი პათოლოგიური პოლიტიკოსი ციხეშია, რაც სამართლისა და კანონის აღსრულებას ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.