გახარია: 2 ოქტომბრის არჩევნებს ვაფასებთ როგორც არასამართლიანს – არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა

664

არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ უგასაოცრესი მასკარადი, ეს მოხდა სიმბოლურად პირველ ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს იყო წარსულის ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანი იყო შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ამომრჩევლები ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამ „მასკარადის მოწყობით“, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აქტუალურობა სულ უფრო და უფრო დაკარგული იყო.

ამასთანავე, გიორგი გახარიამ საკუთარ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, სიმტკიცისთვის, ერთგულებისთვის და თავდადებისთვის, რომლებიც მათ „გაუგონარი წნეხის“ მიუხედავად გამოიჩინეს.

„მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ნდობისთვის, სიმტკიცისთვის, ერთგულებისთვის და შემიძლია ვთქვა, თავდადებისთვის, იმიტომ, რომ ასეთი გაუგონარი წნეხის მიუხედავად, ისინი მოვიდნენ არჩევნებზე, უბნებზე და მისცეს ხმა. მისცეს ხმა ქვეყნის განახლებასა და წინსვლას. რა მოხდა ჩვენი შეფასებით, 2021 წლის არჩევნებზე – ბოლო 4 თვის განმავლობაში, მმართველი პარტია სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალების გამოყენებით, სისტემურად, თანმიმდევრულად, ღიად ამომრჩევლების დაშინების მიზნით, ზეწოლას ახდენდა ჩვენს მხარდამჭერებზე. ასეთი ფორმები იყო ძალიან ბევრი, მაგალითად, დაშინება, ზეწოლა ოჯახის წევრებზე, ბინძური ბრალდებები, პროპაგანდისტული ცილისმწამებლური კამპანიები და ღია ბლოკი ზოგიერთ ტელევიზიებზე, თავის მართლების უფლების წართმევაც, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო შეზღუდვა ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

არჩევნების წინა დღეს კი ჩვენ ვიხილეთ უგასაოცრესი მასკარადი, ჩვენთვის ნამდვილად არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელმა ერთპიროვნულმა მმართველმა დაგეგმა და ვინ იყო ამ სცენარის ავტორი, მაგრამ შედეგი არის ისეთი როგორიც არის. სამწუხაროა, რომ ამ მასკარადის მოწყობით „ოცნებამ“, ფაქტობრივად, გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აქტუალურობა სულ უფრო და უფრო დაკარგული იყო“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, სისტემური ხასიათი ჰქონდა “კარუსელებს”.

„ამიტომ, ორი ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენ არასდროს დაგვიყენებია და არ დავაყენებთ პარტიულ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ამიტომ, თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება განპირობებული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

რეალობა არის შემდეგი – ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა, რომელსაც აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ. რისთვისაც თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო არის ის, რომ თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოების დონეზე ვიქნებით წარმოდგენილები და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ თითოეული ჩვენი მხარდამჭერის ხმის დაცვას. მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც მეორე ტურში გავიდა ცაგერის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატურაზე და ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მაჟორიტარის, რომელიც წარდგენილია ჩვენი პარტიიდან მეორე ტურებში, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ და დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა,“- განაცხადა გახარიამ.