დაძაბული, უსამართლო, უთანასწორო – ასე აფასებენ ახალციხის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები 2 ოქტომბრის არჩევნებს. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ.
ახალციხეში 36–ვე უბანი დათვლილია, წინასწარი შედეგებით, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ახალციხეში, ზურა სადათიერაშვილმა ხმების 4,51% მოიპოვა (886 ხმა). ამბობს, რომ არჩევნების დღეს განხორციელებული ზეწოლების ფონზე, ცუდი შედეგი არ არის.
„არჩევნები სამართლიანი ცალსახად ვერ იყო! ამ შედეგზე ოდნავ მეტს ველოდი. საკმაოდ რთულ პირობებში, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო სახელმწიფო აპარატის მხრიდან. სუსი მუშაობდა. ერთი მაჟორიტარული ოლქი მოვიგეთ. საკრებულოში, სავარაუდოდ პროპორციული სიით ერთ კანდიდატს შევიყვანთ და ორი წევრი გვეყოლება.
ირაკლი ლაზარაშვილს ვულოცავ გამარჯვებას! ძალიან ბევრი საქმე ექნება. ასევე მოუწევს რაღაცების დამტკიცება ამომრჩევლებისთვის, რათა მათი მოლოდინები გაამართლოს!“, – ამბობს ზურა სადათიერაშვილი.
2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ლაზარაშვილმა მოიპოვა, მან ხმების 57% (11 202 ხმა) მიიღო. იგი მერის მოვალეობის შესრულებას უახლოეს მომავალში შეუდგება. მისი განცხადებით, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული და მშვიდ გარემოში ჩატარდა.
„არჩევნებს დადებითად ვაფასებ. კარგად იყო ორგანიზებული. მშვიდ გარემოში ჩაიარა და შედეგით კმაყოფილი ვარ. დამაჯერებელი გამარჯვება მივიღე. ჩემს კონკურენტ კანდიდატებს ვეტყოდი, რომ მუნიციპალიტეტი, ქალაქიც და სოფელიც, ჩვენ ყველამ ერთად, უნდა განვავითაროთ. ყველა უნდა ვიყოთ ამ პროცესში ჩართული,“ – ამბობს იგი.
პარტია „ლელოს“ მერობის კანდიდატის, მანუჩარ ჩაჩანიძის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის მასშტაბური მოსყიდვა განხორციელდა, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია, ფაქტმა კი ოპოზიციურ პარტიებს უთანასწორო გარემო შეუქმნა. მან არჩევნებზე ხმების 3,18% მიიღო (625 ხმა).
„კარგი არჩევნები ჩატარდა ძალიან. კარგად გადაიხადეს ფული და ხალხს ერთი დღის საშოვარი გაუჩნდა. შედეგით უკმაყოფილო არ ვარ და ვეტყვი ჩემს ამომრჩეველს, რომ მათი თითოეული ხმა დაფასებული იქნება. მადლობა მათ ამისთვის. მომავალში მათ მოლოდინებს და იმედებს გავამართლებ. მე რასაც ვაკვირდებოდი – არჩევნები გარედან გაყალბდა. ბევრი ფული და სხვა რესურსი დაიხარჯა იმ ადამიანებში, რომლებიც მიდიოდენ არჩევნებზე.
ირაკლი ლაზარაშვილს ვულოცავ გამარჯვებას. ვუსურვებ წარმატებას და გამძლეობას. ირაკლი, იმ პარტიაში, რომლითაც იყრიდა კენჭს, ვფიქრობ, რომ წარმატებული მერი ვერასდროს იქნება, რადგან მისი გასაკეთებელი საქმე რაც იქნება ისაა, რომ დაემორჩილოს ჩვენს დიდ „მეფეს“, – განაცხადა მანუჩარ ჩაჩანიძემ.
არჩევნებზე ყველაზე მცირე ხმების რაოდენობა, 0,4% (78 ხმა) პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, მიხეილ კეთილაძემ აიღო. იგი არჩევნებს კატეგორიულად არ აღიარებს და მისი მოღვაწეობის გაგრძელების ერთადერთ პერსპექტივას „რუსეთში გადაცხოვრების შემდეგ ხედავს.
„არავის არ მივულოცავ არაფერს! შედეგებია ნული! ქართველი ხალხი დამარცხდა კიდევ! ესენი („ქართული ოცნება“) კი ისევ გამარჯვებული არიან. მე სულ მალე დავტოვებ საქართველოს! რუსეთში მივდივარ და ვხდები პუტინის ჯარისკაცი! სამუდამოდ მივდივარ საცხოვრებლად! არჩევნები აღარ მაინტერესებს! ერი, რომელიც თავის წარსულს პატივს არ სცემს, მას მომავალი არ გააჩნია. ქართველები დაღუპულები არიან! პოლიტიკური ბაზარია საქართველო!,“ – აცხადებს მიხელ კეთილაძე.
მიუხედავად არჩევნებში მიღებული არასასურველი შედეგისა, ირაკლი ლაზარაშვილს გამარჯვებას ულოცავს პარტია „საქართველოსთვის“ მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი არველაძე და აქვე აღნიშნავს, რომ უთანასწორო ბრძოლაში, შედეგებით კმაყოფილი ვერ იქნება. მან ახალციხის მუნიციპალიტეტში ხმების 7,91% აიღო (1555 ხმა).
„უთანასწორო ბრძოლა იყო და შედეგიც არ არის სამართლიანი! სამართლიანობის ნაპერწკალიც არ ყოფილა! ზეწოლის და მიუხედავად, არჩევნები კიდე კარგად ჩავატარეთ, თუმცა კმაყოფილი არ ვარ შედეგით! ფულის დარიგებით დაწყებული, დაშინებით, ჩვენს მომხრეებზე განხორციელებული ზეწოლით დამთავრებული, რომ ისინი არჩევნებზე არ მისულიყვნენ, ყველაფერი მოხდა“, – ამბობს გიორგი არველაძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, დავით ბალიაშვილი მიღებულ შედეგზე ბევრად მეტ მიღებულ ხმას ელოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამომრჩევლების მოსყიდვის და დაშინების ფაქტების გამო, პარტიისთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა.
„საარჩევნო პროცესი იყო მოსყიდვა და გაყალბება! არის ამის კადრები, როგორ არიგებდნენ თანხებს. რა შედეგიც არის, მინიმუმ 7–8% დაგვაკლეს ხალხის მოსყიდვით და სხვა გზებით, რაც აკეთეს! შედეგებს ვერ ვენდობი! სუსის მუშაობა იყო, ხალხის დამუშავება, თანხის დარიგება და მოსყიდვა! იცოდნენ ვინ როდის უნდა გამოეყვანათ და ასე მიდიოდნენ და მოჰყავდათ ხალხი უბნებზე“, – განაცხადა დავით ბალიაშვილმა.